7 იანვარს აშშ-ის მიერ ატლანტის ოკეანეში დაკავებული ტანკერის „Marinera-ს“ ქართველი კაპიტანი ავთანდილ კალანდაძე ბრიტანეთის ტერიტორიული წყლებიდან გაიყვანეს და ის ახლა აშშ-ის სანაპირო დაცვის გემზე იმყოფება – ინფორმაციას Reuters კაპიტნის ცოლის, ნათია ძაძამიას ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს.
7 იანვარს დაკავების შემდეგ ტანკერი და ეკიპაჟის წევრები შოტლანდიის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
ნათია ძაძამიას ადვოკატის, აამერ ანვარის თქმით, მიუხედავად კაპიტნის შოტლანდიის იურისდიქციიდან გაყვანის შეჩერების მცდელობისა, ავთანდილ კალანდაძე ახლა აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდ „Munro“-ზე იმყოფება.
ადვოკატის თქმით, შოტლანდიურმა სასამართლომ გამოსცა დროებითი ბრძანება, რომელიც კაპიტნის გაყვანას კრძალავდა სასამართლო განხილვის დასრულებამდე, თუმცა მეორე დღეს ეს ბრძანება გაუქმდა მას შემდეგ, რაც სასამართლოს აცნობეს, რომ კალანდაძე უკვე ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებს მიღმა იმყოფებოდა.
„ჩვენი კლიენტის საქმის სასამართლო გადაწყვეტილების გადახედვა შეუძლებელია, რადგან მისი მეუღლე, ფაქტობრივად, აშშ-ის მთავრობამ გაიტაცა“, – აღნიშნა ადვოკატმა.
ადვოკატის ცნობით, ტანკერის დანარჩენი წევრები ინვერნესში, დიდი ბრიტანეთის არმიის ცენტრში გადაიყვანეს. მისი თქმით, ეკიპაჟის ხუთმა წევრმა აშშ-ში გამგზავრება აირჩია, ხოლო დანარჩენებმა სამშობლოში დაბრუნებაზე თანხმობა განაცხადეს.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ ნავთობტანკერის ეკიპაჟის წევრების საქმე შესაბამისი საიმიგრაციო და სამართლებრივი მოთხოვნების მიხედვით განიხილება.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „Marinera“-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში 28 მეზღვაური იყო, მათ შორის 6 ქართველი. ეს ინფორმაცია ამ დრომდე არ დაუდასტურებია საგარეო საქმეთა სამინისტროს.
7 იანვარს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ატლანტის ოკეანეში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი დააკავა, რომელიც ვენესუელის ნავთობთანაა დაკავშირებული.
ნავთობტანკერ „მარინერას“ დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გემი საერთაშორისო წყლებში იმყოფებოდა და საერთაშორისო საზღვაო სამართლის შესაბამისად მოქმედებდა.