Reuters-ის ინფორმაციით, პუტინი უკრაინისგან მოითხოვს, დათმოს დონბასი, უარი თქვას NATO-ზე და არ განლაგდეს დასავლური ჯარები უკრაინაში.
ინფორმაცია გამოცემას კრემლიდან 3-მა წყარომ მიაწოდა.
Reuters-ის თანახმად, უკრაინამ უნდა დათმოს დონეცკი და ლუჰანსკი. სანაცვლოდ რუსეთმა შესაძლოა გაყინოს ფრონტის ხაზი ზაპოროჟიასა და ხერსონში.
რუსეთისთვის მიუღებელია დასავლური სამშვიდობო ჯარების განლაგება უკრაინაში.
ხოლო თუ კიევი ამ პირობებზე უარს იტყვის, ომი გაგრძელდება.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს ალასკაზე 15 აგვისტოს შეხვდნენ. გამოცემის წყაროების ცნობით, შეხვედრაზე ისინი განიხილავდნენ, რა უნდა დათმოს უკრაინამ.
Reuters-ის რუსული წყაროები ამბობენ, რომ პუტინი კომპრომისზე წავიდა იმ ტერიტორიულ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლებიც მან 2024 წლის ივნისში წამოაყენა და რომლის მიხედვითაც, კიევს მთლიანად უნდა დაეთმო ოთხი რეგიონი, რომლებსაც მოსკოვი რუსეთის ნაწილად მიიჩნევს: დონეცკი და ლუგანსკი აღმოსავლეთ უკრაინაში, ანუ დონბასი. ასევე ხერსონი და ზაპოროჟიე უკრაინის სამხრეთ ნაწილში.
კიევმა მოთხოვნების შესრულებაზე უარი განაცხადა და მათზე დათანხმებას კაპიტულაციის ტოლფასი უწოდა.
Reuters წერს, რომ აშშ-ის შეფასებითა და ღია წყაროებიდან მიღებული მონაცემებით, რუსეთი დონბასის დაახლოებით 88%-ს და ზაპოროჟიესა და ხერსონის 73%-ს აკონტროლებს.
გამოცემის რუსული წყაროების ცნობით, მოსკოვი ასევე მზადაა, შესაძლო გარიგების ფარგლებში უკრაინას გადასცეს ხარკოვის, სუმისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონების მცირე ნაწილები.
ვლადიმირ პუტინი არ იცვლის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინამ უარი უნდა თქვას NATO-ში გაწევრების ამბიციებზე. ის ასევე მოითხოვს, NATO-სგან მიიღოს იურიდიულად სავალდებულო პირობა, რომ ის არ გაფართოვდება აღმოსავლეთისკენ.
პუტინის მოთხოვნაა, ასევე, შეთანხმება, რომ უკრაინაში არ განლაგდებიან დასავლელი ჯარისკაცები.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს Reuters-ის კითხვებისთვის ჯერ არ უპასუხია.