Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ისრაელი აშშ-სთან ლობირებს, რომ სირიაში რუსული ბაზები დარჩეს, რათა სირია სუსტი დარჩეს და ამასთან, შეაკავოს თურქეთის მზარდი გავლენა ქვეყანაზე.
Reuters აცხადებს, რომ ინფორმაცია მათ საქმეში ჩახედულმა 4-მა წყარომ მიაწოდა.
ისრაელისა და თურქეთის დაძაბული ურთიერთობა ღაზაში ისრაელის ომის დროს კიდევ უფრო დაიძაბა.
„ისრაელის ოფიციალურმა პირებმა ვაშინგტონს განუცხადეს, რომ სირიის ახალი ისლამისტი მმართველები, რომლებსაც ანკარა მხარს უჭერს, საფრთხეს უქმნიან ისრაელის საზღვრებს”. – წერს Reuters წყაროებზე დაყრდნობით.
ისრაელის ლობირება მიუთითებს შეთანხმებულ კამპანიაზე, სირიისთვის მნიშვნელოვან პერიოდში გავლენა მოახდინოს ვაშინგტონზე, ვინაიდან იმ ისლამისტებმა, რომლებმაც დაამხეს ბაშარ ალ ასადი, ცდილობენ, გაყოფილ ქვეყანას სტაბილურობა მოუტანონ და ვაშინგტონი მკაცრი სანქციების მოხსნაში დაარწმუნონ.
გამოცემის წყაროების ცნობით, ისრაელმა თავისი მოსაზრებები აშშ-ის მაღალჩინოსნებს თებერვალში ვაშინგტონში და მოგვიანებით ისრაელში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს გაუზიარა.
„ისრაელის დიდი შიში ის არის, რომ თურქეთუ დაიცავს სირიის ახალ ისლამისტურ წესრიგს, რომელიც საბოლოოდ ჰამასისა და სხვა შეიარაღებული დაჯგუფებების ბაზად იქცევა”. – ამბობს ამერიკული ანალიტიკური კვლევითი ცენტრის, Century International-ის თანამშრომელმა, არონ ლუნდმა.
Reuters ამბობს, რომ საკითხზე კითხვებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსაც მიმართა, თუმცა, მათგან პასუხი ვერ მიიღო. ასევე, გამოცემას არ უპასუხეს არც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა და არც სირიისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.
ლუნდი ამბობს, რომ ახლა სირია „ტრამპის რადაზე არ არის”.
„არ არის პრიორიტეტული და არის პოლიტიკის სიცარიელე, რომელიც უნდა შეივსოს”. – ამბობს ის.
ისრაელმა საჯაროდ გამოაცხადა თავისი უნდობლობა Hayat Tahrir al-Sham-ის (HTS) — ისლამისტური ჯგუფის მიმართ, რომელმაც 2024 წლის დეკემბერში ბაშარ ალ ასადის 24-წლიანი მმართველობა დაამხო. Hayat Tahrir al-Sham ტერორისტული „ალ კაიდასთან” დაკავშირებული ჯგუფიდან წარმოიშვა. თუმცა, მასთან კავშირი 2016 წელს გაწყვიტა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი არ შეეგუება სამხრეთ სირიაში HTS-ის ან რამე სხვა ძალების ყოფნას, რომლებიც დაკავშირებულია ახალ ხელისუფლებასთან და ტერიტორიის დემილიტარიზაციას მოითხოვს.
თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რომელიც ისლამისტური ფესვების მქონე პარტიის ლიდერია, გასულ წელს თქვა, რომ ისლამურმა ქვეყნებმა უნდა შექმნან ალიანსი „ისრაელის მხრიდან ექსპანსიონიზმის მზარდი საფრთხისგან თავის დასცავად”.
Reuters-ის წყაროების თანახმად, ისრაელი ღრმად შეშფოთებულია თურქეთის როლით, გახდეს სირიის ახალი ლიდერების ახლო მოკავშირე – სწორედ ეს მესიჯი გადასცა ისრაელმა ვაშინგტონს.
გამოცემა წერს, რომ თურქეთის განცხადებით, მათ სურთ, სირია იყოს სტაბილური და არ წარმოადგენდეს საფრთხეს მეზობლებისთვის. თურქეთმა ასევე არაერთხელ განაცხადა, რომ ისრაელის ქმედებები სამხრეთ სირიაში იყო მისი ექსპანსიონისტური და ინვაზიური პოლიტიკის ნაწილი, რაც აჩვენებს, ისრაელს არ სურდა რეგიონალური მშვიდობა.
Reuters-ის მიხედვით, ისრაელის ოფიციალური პირები ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ ამერიკელი ოფიციალური პირები, რომ სწორედ თურქეთის შესაკავებლად რუსეთმა უნდა შეინარჩუნოს ხმელთაშუაზღვის ბაზა სირიის პროვინცია ტარტუსში და ჰმეიმიმის საჰაერო ბაზა ლატაკიის პროვინციაში.
4-დან 2 წყარო Reuters-ს ეუბნება, რომ როცა აშშ-ის ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას ისრაელის ოფიციალურმა პირებმა სირიაში რუსეთის ყოფნის გაგრძელება პოზიტიურად წარმოაჩინეს, ზოგიერთი დამსწრე გაკვირვებული იყო და ამტკიცებდა, რომ თურქეთი – NATO-ს წევრი ქვეყანა – ისრაელის უსაფრთხოების უკეთესი გარანტი იქნებოდა. ისრაელის ოფიციალური პირები კი ამტკიცებდნენ, რომ ეს ასე არ არის.
სირიის ახალი ხელმძღვანელობა რუსეთთან სამხედრო ბაზების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს.