Reuters: პუტინი უკრაინაში ომის დასასრულებლად ითხოვს გარანტიას, რომ NATO არ გაფართოვდება

პუბლიკა

ვლადიმერ პუტინის პირობები უკრაინაში ომის დასასრულებლად მოიცავს მოთხოვნას, რომ დასავლელმა ლიდერებმა წერილობით დადონ პირობა NATO-ს აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოების შეჩერების შესახებ და მოხსნან რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ნაწილი.

ინფორმაციას გამოცემა Reuters სამ რუსულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საუბრის შემდეგ, პუტინმა თქვა, რომ ის დათანხმდა უკრაინასთან მუშაობას მემორანდუმზე, რომელიც დაადგენს სამშვიდობო შეთანხმების კონტურებს, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის ვადებს.

რუსეთი ამბობს, რომ ამჟამად ამზადებს მემორანდუმის საკუთარ ვერსიას და დაზუსტებით ვერ იტყვის, რამდენ ხანი დასჭირდება ამას.

„პუტინი მზად არის მშვიდობის დასამყარებლად, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად“, – თქვა ერთმა მაღალჩინოსანმა წყარომ Reuters-სთან.

წყაროებმა გამოცემას უთხრეს, რომ პუტინს სურს დასავლეთის ლიდერების „წერილობითი” დაპირება, რომ NATO არ გაფართოვდება აღმოსავლეთით, რაც უკრაინის, საქართველოს, მოლდოვისა და სხვა ყოფილი საბჭოთა ქვეყნების წევრობას ოფიციალურად გამორიცხავს.

წყაროების ცნობით, რუსეთს ასევე სურს, რომ უკრაინა იყოს ნეიტრალური, მოიხსნას დასავლური სანქციები, გადაწყდეს დასავლეთში გაყინული რუსული აქტივებისა და უკრაინაში რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვის საკითხი.

კრემლმა Reuters-ის კითხვებს ამ ინფორმაციის შესახებ არ უპასუხა.

პუტინმა და რუსმა მაღალჩინოსნებმა არაერთხელ თქვეს, რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება უნდა ეხებოდეს კონფლიქტის „ძირითად მიზეზებს“ – რაც გულისხმობს NATO-ს გაფართოების საკითხს და დასავლეთის მხარდაჭერას უკრაინისადმი.