Reuters: ტრამპის რეიტინგი 42%-ია, რაც ყველაზე დაბალია თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ

პუბლიკა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რეიტინგი 42%-მდე დაეცა, რაც ყველაზე დაბალია მისი თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ.

ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს ორგანიზაცია Ipsos-სთვის დაკვეთილ კვლევაზე დაყრდნობით.

გამოკითხულთა 83%-ის აზრით, აშშ-ის პრეზიდენტი უნდა დაემორჩილოს ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაშინაც კი, თუ მას ეს არ სურს.

57%, მათ შორის „რესპუბლიკელების“ მესამედი, არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ „აშშ-ის პრეზიდენტს შეუძლია უნივერსიტეტების დაფინანსების გაყინვა, თუ მათი მართვის პოლიტიკას არ ეთანხმება“.

დონალდ ტრამპმა ჰარვარდს 2.2-მილიარდიანი ფედერალური დაფინანსება შეუწყვიტა და უნივერსიტეტს დაემუქრა, რომ გადასახადებისგან გათავისუფლებულის სტატუსს შეუჩერებდა.

ფედერალური დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილება მას შემდეგ გამოცხადდა, რაც უნივერსიტეტმა უარი თქვა დონალდ ტრამპის მოთხოვნაზე, რომ ჰარვარდის კამპუსის ტერიტორიაზე აქტივიზმი შეეზღუდა.

რესპონდენტთა 66%-მა განაცხადა, რომ არ ფიქრობს, თითქოს პრეზიდენტი უნდა აკონტროლებდეს მთავარ კულტურულ ინსტიტუტებს, როგორიცაა ეროვნული მუზეუმები და თეატრები.

გასულ თვეში ტრამპმა სმითსონის ინსტიტუტს უბრძანა, რომ მუზეუმიდან „არასათანადო იდეოლოგია ამოეღო“.

Reuters/Ipsos-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ იმ ამერიკელთა რიცხვი, რომელიც არ ეთანხმება ტრამპის პოლიტიკას, აღემატება მათ, ვინც მას ყველა საკითხში ეთანხმება.

რაც შეეხება იმიგრაციას, გამოკითხულთა 45% დადებითად აფასებს ტრამპის საქმიანობას, თუმცა 46% მას არ ეთანხმება.

გამოკითხულთა 59%-მა, მათ შორის „რესპუბლიკელების“ მესამედმა, განაცხადა, რომ ამერიკა „გლობალურ სცენაზე სანდოობას კარგავს“.

კვლევის ფარგლებში 4306 ადამიანი გამოიკითხა, ცდომილების ზღვარი დაახლოებით 2%-ია.