Reuters: უკრაინელებმა „აზოვსტალი“ დატოვეს სულ მცირე 7 ავტობუსით, რუსების თანხლებით

პუბლიკა

სააგენტო Reuters თვითმხილველზე დაყრდნობით წერს, რომ „აზოვსტალის“ ქარხნიდან კიდევ დაახლოებით შვიდმა ავტობუსმა დატოვა, რომელშიც უკრაინელი სამხედროები იმყოფებოდნენ.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის  განცხადებით, 265 მებრძოლი დანებდა, მათ შორის 51 სერიოზულად იყო დაჭრილი და რომ ისინი მკურნალობას გაივლიდნენ რუსეთის მიერ ე.წ. სახალხო რესპუბლიკად აღიარებულ დონეცკის რეგიონში მდებარე ქალაქ ნოვოაზოვსკში.

სამშაბათს, დღის პირველ ნახევარში 5 ავტობუსით დაჭრილები გადაიყვანეს, საღამოს კი, როგორც Reuters-ის თვითმხილველი იტყობინება, კიდევ 7 ავტობუსი დაინახა, მათ ტერიტორია რუსული ძალების თანხლებით დატოვეს.  სააგენტოს ცნობით, სამხედროები დონეცკის მახლობლად, ქალაქ ოლენივკის ციხეში გადაიყვანეს.

იქამდე რუსულმა სამთავრობო სააგენტო „ტასსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი გეგმავდა ჯარისკაცების დაკითხვას.

მედიაში გავრცელებული ცნობებით, უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ჯერ არ აქვს ინფორმაცია, თუ სად აპირებენ მარიუპოლის დამცველების წაყვანას, რომლებიც არ დაშავებულან.

დღეს „აზოვსტალის“ ოპერაციაზე განცხადება გაავრცელა „აზოვის“ პოლკის დამფუძნებელმაც.

„ამჟამად შემიძლია ვთქვა, რომ გარნიზონი, პოლკი კავშირშზეა. მე ვიცი, რაც ხდება იქ, გარნიზონი ადგილზეა, იარაღით ხელში. ნუ მოგვაყენებთ ზიანს, ყველაფერი კარგად იქნება, დიდება უკრაინას!”, –  აცხადებს „აზოვის“ პოლკის დამფუძნებელი ანდრეი ბილეცკი. ის საზოგადოებას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მარიუპილის ოპერაციის შეფასებისა და კრიტიკისგან, რათა პროცესი არ დაზიანდეს.


16 მაისს, გვიან ღამით, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია, რომ 264 უკრაინელი ჯარისკაცი  „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნიდან რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, დონბასის რეგიონშია ევაკუირებული.

ქარხნიდან გაყვანილი ჯარისკაცების ნაწილი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, უკრაინელ ჯარისკაცებს რუს ტყვეებში გაცვლიან. ევაკუაციის პროცესში გაერო და წითელი ჯვარი ჩაერთნენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში გუშინ, 16 მაისს განაცხადეს, რომ ისინი გააგრძელებენ ბრძოლას „აზოვსტალის“ ქარხანაში დარჩენილი ჯარისკაცების სიცოცხლის გადასარჩენად.

უკრაინის გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ „აზოვსტალის“ მეთაურების მიმართ უმაღლესი სამხედრო სარდლობის ბრძანება – პერსონალის სიცოცხლის გადარჩენა იყო.