Reuters წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტთან საუბრისას უარი განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის მოთხოვნაზე დონეცკის ოლქის მთლიანად დათმობის შესახებ – ფრონტის ხაზების უმეტესობის გაყინვის სანაცვლოდ.
წყაროებზე დაყრდნობით Bloomberg-მა და Financial Times-მაც გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პუტინმა ტრამპთან საუბრისას თქვა, რომ ფრონტის ხაზს გაყინავს სხვა რაიონებში, თუ უკრაინა დატოვებს დონეცკისა და ლუგანსკს.
ორშაბათს ზელენსკი ტრამპს ვაშინგტონში შეხვდება. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ ორშაბათს თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას შესაძლოა ევროპელი ლიდერებიც შეუერთდნენ.
დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს 15 აგვისტოს ალასკაში შეხვდნენ. სამსაათიანი შეხვედრა კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა, თუმცა ის ორივე მხარემ პოზიტიურად შეაფასა. აშშ-ის პრეზიდენტრმა თქვა, რომ აქვთ კარგი შანსი, მიაღწიონ შეთანხმებას. პუტინთან შეხვედრის შემდეგ ტრამპი ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტსა და ევროპელ ლიდერებს.