პრეზიდენტის თქმით, თურნავა უნდა გადადგეს, სებ-ის საბჭომ კი გადაწყვეტილება უნდა გაანულოს

პუბლიკა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას გადადგომისკენ მოუწოდებს.

საბჭოს კი მიმართავს, ბათილად გამოაცხადოს ნათია თურნავას გადაწყვეტილება, რომლითაც საერთაშორისო სანქციების აღსრულების წესი შეიცვალა და შედეგად, ოთარ ფარცხალაძეს საქართველოში საბანკო ანგარიშები არ გაეყინება.

სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ნათია თურნავას წარდგენისთვის ბოდიშიც მოიხადა და თქვა, რომ „ნანობს”.

„ნათია თურნავამ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის პრინციპს ზიანი მიაყენა და უნდა გადადგეს.

ასევე, დროა, საბჭომ აიღოს პასუხისმგებლობა და განახორციელოს ზედამხედველობის ფუნქცია. საბჭოს კოლექტიური გადაწყვეტილებით შესაძლებელია, ბათილად გამოცხადდეს ერთპიროვნული გადაწყვეტილება. ეს იქნება ამ საბჭოს რეალური ქმედება, რათა შენარჩუნდეს სებ-ის დამოუკიდებლობა. ეს შესაძლებელია, ვინაიდან გადამდგარ ვიცე-პრეზიდენტებს აქვთ ვალდებულება, კიდევ 2 თვე იმუშაონ.

საბჭო სრულად ფუნქციონირებს და შეუძლია ყველანაირი გადაწყვეტილება მიიღოს. ეს არის ის ნაბიჯები, რაც სასწრაფოდ გადასადგმელია, რათა უფრო სერიოზული რეპუტაციული ზიანი არ მიადგეს ქვეყანას. ასევე საერთაშორისო რეაქციები, რაც არის მოსალოდნელი.

ეს არის სწორი გზა, რომელიც დაიცავს იმ მიღწევებს, რასაც ჰქვია საქართველოს ეკონომიკური, ფინანსური მდგრადობა და საერთაშორისო რეპუტაცია ამ დარგში. არავის აქვს უფლება, რომ ვიწრო ინტერესების გამო ასეთი გადაწყვეტილებები მიიღოს. ამავე დროს, მინდა მივესალმო კერძო საბანკო სექტორის ძალიან მკაფიო პოზიციას, რომელიც ნამდვილად არის ის, რაც დღეს ამ ქვეყანას სჭირდება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღეს, 20 სექტემბერს ეროვნული ბანკის 7 წევრიდან 3 – პაპუნა ლეჟავა, არჩილ მესტვირიშვილი და ნიკოლოზ გაგუა – თანამდებობიდან გადადგა. ეროვნული ბანკი დატოვა პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი ბაქრაძემაც.


მას შემდეგ, რაც აშშ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძისთვის დაწესებული სანქციების შესახებ გახდა ცნობილი, ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ „2022 წლის 26 თებერვლიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად”.

თუმცა, მომდევნო დღეს სებ-მა გადაწყვეტილება შეცვალა.

თურნავას დღევანდელი განმარტებით, გუშინდლამდე სანქციების აღსრულება მოქმედი წესის მიხედვით, ავტომატურად ხდებოდა და ეროვნული ბანკის მხრიდან ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება საჭირო არ იყო. საქართველოს მოქალაქის სანქცირების პირველი პრეცედენტის შემდეგ კი დაისვა საკითხი, რამდენად შეესაბამება უპირობო აღსრულება კონსტიტუციას.

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო აქტივების კონტროლის სახაზინო სამსახურის (OFAC) დეპარტამენტმა რუსეთთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა. მათ შორის არის საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე. ოთარ ფარცხალაძის სანქცირებაზე საუბარია გამოქვეყნებული დოკუმენტის ქვეთავში „რუსეთის საზიანო გავლენა საქართველოში“.

აშშ-მა მიუთითა, რომ ოთარ ფარცხალაძე ქართველი-რუსი ოლიგარქია.

სანქციები შეეხო ალექსანდრ ონიშენკოს, რომელიც პრორუსი უკრაინელი პოლიტიკოსია, დაკავშირებულია უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან და არის FSB-ის ოფიცერი.

აშშ-ის განცხადებით:

„ალექსანდრ ონიშენკომ და რუსულმა FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე, რათა გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე, რუსეთის საკეთილდღეოდ. სავარაუდოდ, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა თავისი კავშირით FSB-სთან“.