რეზიდენტის ცნობა და ორმაგი მოქალაქეობა – რა შემთხვევაში შეძლებთ კარანტინის გარეშე საქართველოში შემოსვლას

პუბლიკა

საქართველოს მთავრობამ 5 ქვეყნისთვის საზღვრების უპირობო გახსნაზე 8 ივლისს განაცხადა. გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის მოქალაქეები საქართველოში 14 -დღიანი კარანტინის გარეშე შეძლებენ ქვეყანაში შემოსვლას. საქართველოს მოქალაქეებისთვის კარანტინის მოთხოვნა ძალაში რჩება, თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევები.

„პუბლიკამ“ მთავრობის კანცელარიაში სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს მიმართა შეკითხვით და დააზუსტა, რა შემთხვევაში შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები ამ ხუთი ქვეყნიდან 14-დღიანი კარანტინის გარეშე შემოსვლას.

მთავრობის ადმინსტრაციის განმარტებით, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს ამ ხუთიდან რომელიმე ქვეყნის რეზიდენტობის დამადასტურებელი მოწმობა ან ორმაგი მოქალაქეობა, საქართველოში 14-დღიანი კარანტინის გარეშე შეძლებს შემოსვლას.

მთავრობის ეს გადაწყვეტილება ირაკლი ჩიქოვანმა 8 ივლის „რუსთავი 2-ის“ ეთერში განმარტა.

ჩიქოვანის განმარტებით, ტურისტებს საქართველოს მოქალაქესთან შედარებით გაცილებით ნაკლები საკონტაქტო წრე ჰყავთ, რაც ვირუსის გავრცელების რისკს ამცირებს.

„ჩვენ თუ შევაფასებთ ვითარებას, რეალურად, უცხოელი ვიზიტორისთვის გაცილებით უფრო ნაკლებია იმ პირთა წრე, რომელთანაც შეიძლება უშუალო კონტაქტში შევიდეს, ხოლო საქართველოს მოქალაქისთვის ეს გაცილებით უფრო ფართოა და შესაბამისად, გაცილებით ინტენსიური. ბრჭყალებში, რა თქმა უნდა. ამაზე ეპიდემიოლოგები უკეთეს პასუხს გაგცემენ. ამიტომ საფრთხეის გათვალისწინების გამო მოხდა ამ გადაწყვეტილებისა და რეგულაციების მიღება”, — განაცხადა ჩიქოვანმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

როდის აღდგება რეგულარული ფრენა?

ევროკავშირის იმ 5 ქვეყნის მიმართულებით, რომლებთანაც ჩვენ უპირობოდ ვხსნით საზღვრებს, საავიაციო მიმოსვლისა და რეგულარული რეისების აღდგენის მიზნით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს საერთაშორისო ავიაკომპანიებთან. მათ შორის, ავიაკომპანია Lufthansa-სთან უკვე მიღწეულია შეთანხმება მიუნხენის მიმართულებით 2020 წლის აგვისტოდან კვირაში 2 რეისის განხორციელებასთან დაკავშირებით, ასევე ვმუშაობთ AirBaltic-სა  და AirFrance-თან.