საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო დაპატიმრებული რეზო კიკნაძე გიორგი ჩიკვაიძის პატიმრობას და შიმშილობას ეხმაურება და ამხნევებს.
აუდიო მიმართვაში, რომელიც „პუბლიკას” მიაწოდეს, რეზო კიკნაძე გიორგი ჩიკვაიძეს ურჩევს, მის ოპონენტებს არ აჩვენოს, რომ „სუსტად არის, თუნდაც ფიზიკურად”.
„პირით, უნდა აჩვენო, რომ ვერ გაგტეხეს და ვერც გაგტეხენ”. – ამბობს ის.
გთავაზობთ რეზო კიკნაძის მიმართვას:
„ციხეში როცა შედიხარ, დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ გარემოში მოხვდები, ვის გვერდით მოგიწევს გატარება იქაური ცხოვრების. ჩვენი საკანი #84 პატარა რუსთაველია. ეს არის საკანი, სადაც მხოლოდ პოლიტპატიმრები ვართ და სხვა ვერავინ შემოვა რეჟიმის ტყვეების გარდა, სანამ ჩვენ აქ ვიქნებით.
ჯავახას [ნიკოლოზ ჯავახიშვილი] გადმოყვანა გვინდოდა, მასაც უნდოდა, მაგრამ მასზე თქვეს, ერთად აქვთ სასამართლო და არ შეიძლებაო. ამიტომ, ამის ჩაწერა რატომაც მომინდა, გიორგი ჩიკვაიძეს ეხება:
გიორგი ჩიკვაიძეს იქამდეც ვადევნებდი თვალს, სანამ დაიჭერდნენ, ვაფასებდი და პატივისცემა მქონდა მისი ბრძოლის და წინააღმდეგობის მიმართ. ახლა ვიცი, რომ შიმშილობს და ცუდადა. წერილებიც დავუწერეთ მე და ვეფხომ [კასრაძე], იქნებ ცოტა გავამხნევოთ მაინც-თქო, მაგრამ აქედან წერილების გაგზავნა ცოტა ჭირს, შეიძლება, აპრილამდე არ მივიდეს. გადავწყვიტე, ამ ფორმატით გამეკეთებინა, იქნებ მოისმინოს.
„სალამი, გიო. ეს წერილი როცა მოვა შენთან, არ ვიცი, როგორ იქნები. ახლა კი ვიცი, რომ რთულ მდგომარეობაში ხარ. შიმშილობაზე მე ვერაფერს გეტყვი. როგორც ამ საკითხში გამოცდილი, ყველაზე შემაწუხებელი, ყველა რომ გეუბნება შეწყვიტეო, ეგაა.
ვიფიქრე და მივხვდი, რომ სჯობს, ამ უსაქმურებს არ დაანახო, რომ სუსტად ხარ, თუნდაც ფიზიკურად და პირიქით, აჩვენო, რომ ვერ გაგტეხეს და ვერც გაგტეხენ. მე ხომ 5 დღით ვშიმშილობდი მხოლოდ პროტესტის ნიშნად […არ გაირჩევა]. უბრალოდ პროტესტი იყო.
თუ 20 დღეზე ავიდოდი, მერე ვაპირებდი, ხალხისთვის მიმემართა, გარეთ გამოსულიყვნენ ასი ათასობით. ანუ იმდენი დღე, რამდენიც ჩემს დაჭერამდე ყოველდღე ვიყავი.
მაგრამ ბიძინას და მის მონებს არ დავანახოთ […არ გაირჩევა].
ყველაზე ძლიერი მაშინ ხარ, როცა მთლიანად ითრგუნავ ხორციელ სურვილებს და სული განიცდის ნირვანას.
ახლა გაგაცნობ, როგორია ჩემი საკანი. საკანი 84.
აქ მხოლოდ პოლიტპატიმრები ვართ. […არ გაირჩევა]
რეჟიმის ტყვეების გარდა სხვები ვერ შემოვლენ. სამნი ვართ, სამივე აქციაზე დაჭერილები. პატივს გვცემენ ბადრაგებიც, ციხის სხვა თანამშრომლებიც და განსაკუთრებით დირექტორი.
აქ არის ვეფხო, რომელიც როგორი მებრძოლი და პატრიოტიცაა, გეცოდინება თუნდაც მისი სასამართლოზე ნათქვამი სიტყვებიდან გამომდინარე. სწორედ შიმშილობის დროს გავიცანი ვეფხო და ამოვიყვანე ჩემთან.
სამნი ვართ და ისე სიამტკბილობით ვცხოვრობთ, ასე რომ ვცხოვრობდეთ ყველა, ჩვენზე ერთიანი და წარმატებული ერი არ იქნებოდა.
ვისურვებდი, ჩვენთან გადმოსულიყავი და ჩვენი სამკაციანი ოჯახი ოთხკაციანი გამხდარიყო.
საწოლთან გაკრული მაქვს საქართველოს და ევროკავშირის დროშები. ქვეშ წარწერა აქვს: „მონობას არასდროს ერქმევა მშვიდობა”, „ქართველი რუსთან ყოველთვის სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებს”.
ხვალ ზვიადის, ილიას, დავითის და გალაქტიონის ფოტოებს გავაკრავ.
[…] „ცეცხლი ოლიგარქიას” და „დიდება საქართველოს” აწერია.
მგონი, ჩვენთან მოგეწონება, თუკი შეიძლება, ციხეში მოგეწონოს რამე.
საერთოდ, ერთი წამითაც არ იფიქრო, რომ აქ მოხვედრით ცხოვრება დასრულდა. პირიქით, როცა ქვეყნის მთავარი მტრები გიჭერენ, ანუ მათ აბრაზებ, უნდა იამაყო ამით.
უდიდეს პატივს გცემდით აქ ყველა, სანამ დაგიჭერდნენ. ვნახულობდით შენს ვიდეოებს, როგორ გამოიჭირე ტიტუშკა ტიტუშკაზე. დედაშენის ინტერვიუებს ვუყურებთ და ძალიან მაგარი ქალია, უდიდესი ნერვიულობის ნიადაგზეც კი მაინც მედგრად არის და ჩემი უდიდესი პატივისცემა მას.
ციხეში მოხვედრა სულაც არ არის კატასტროფა. კატასტროფა ისაა, როცა შენი თანამემამულეები შენი ქვეყნის, შენს გადასარჩენად იბრძვიან და შენ ამ დროს სახლში ხარ, ბრძოლას გაურბიხარ, იმალები.
ციხის კედლებს ოდესმე დააღწევ თავს, აი სიმხდალეს კი ვერასდროს.
მთელი ცხოვრება გაგყვება სინანული ჩრდილში ყოფნის. სინანული შეწყვეტილი ბრძოლის.
თუმცა, საბოლოოდ ქვეყანა გადარჩება და შენ ამაში წვლილი არ გექნება. სულში გაჩენილი ბზარი, სინანული, სირცხვილი და ნამუსი მოგკლავს და არა გატეხილი ცხვირი, ჩალურჯებული თვალი თუ […არ გაირჩევა]. მაგრამ ჩვენ ეს არ გვეხება, პირიქით, უფრო და უფრო ლაღად ვიქნებით, ვინაიდან ჩვენი სული სუფთაა და არ გაისვრება.
მოკლედ, გთხოვ, არ გატყდე. არ იდარდო ტყვეობაში მოხვედრით. პირიქით, იამაყე და გელოდებით 84-ში, საკანში, სადაც პატარა რუსთაველია მოწყობილი.
უდიდესი პატივისცემით, რეზო კიკნაძე”.
11 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იზა კელენჯერიძემ გიორგი ჩიკვაიძის აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეცვალა და ის სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს.
ჩიკვაიძეს და მის ბიზნესპარტნიორ ირაკლი პაპიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს.
დაპატიმრებისთანავე გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა დაიწყო.
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
რაც შეეხება რეზო კიკნაძეს – ის 2024 წლის 6 დეკემბერს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დააკავეს – მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას ედავებიან.