„სიმართლე არის საქართველოს მხარეს, არც ნიკა გვარამიაა თავისუფალი მედია, არც მიხეილ სააკაშვილი დემოკრატიის შუქურა… რეზოლუციის აგება ამაზე აბსოლუტურად წინააღმდეგობაში მოდის რეალობასთან“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე- სპიკერი არჩილ თალაკვაძე გუშინ ევროპარლამენტში „საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის“ საკითხზე ევროპარლამენტარების კრიტიკულ განცხადებებსა და რეზოლუციის პროექტებს.
„რეზოლუციის აგება ამაზე აბსოლუტურად წინააღმდეგობაში მოდის რეალობასთან, რომელიც გვაქვს ქვეყანაში და ჩვენი მოქალაქეებისთვის ეს არის გაუგებარი. აბსოლუტურად მიუღებელია საკითხის ასე დაყენება და ეს არის რეალობისგან შორს მდგარი განაცხადი.
სიმართლე არის საქართველოს მხარეს, არც ნიკა გვარამიაა თავისუფალი მედია, არც მიხეილ სააკაშვილი დემოკრატიის შუქურა. ეს ადამიანები კანონმდებლობის სრული დაცვით მიცემული არიან პასუხისგებაში და მიგვაჩნია, რომ რეზოლუცია აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, რაც არის ჩვენს ქვეყანაში.
წლების განმავლობაში ჩვენ გვაქვს როგორც ევროკავშირის, ასევე ევროსაბჭოს და სხვა საერთაშორისო შეფასებები, სადაც საუბარი იყო, რომ საქართველო ასრულებს იმ მოთხოვნებს და აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომლებიც მის წინაშე იყო დასმული ევროინტეგრაციის პროცესში.
ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ გვარამია არ არის თავისუფალი მედია და სააკაშვილი არ არის დემოკრატიის სიმბოლო ქვეყანაში“, – თქვა თალაკვაძემ.
მისი თქმით, კრიტიკა შეიძლება იყოს, თუმცა საქართველო ყველა ობიექტური კრიტერიუმით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.
გუშინ, 8 ივნისს ევროპარლამენტში გაიმართა დებატები „საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის“ საკითხებზე. დღეს, 9 ივნისს რეზოლუციას კენჭი უნდა უყარონ.
ევროპარლამენტში წარმოდგენილმა თითქმის ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა რეზოლუციის საკუთარი პროექტი წარმოადგინა, სადაც კრიტიკულად არის შეფასებული საქართველოში მედიის თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხი. დებატების შემდეგ მიღებული იქნება რეზოლუციის საერთო ტექსტი.