RFE/RL: EU-ის სამუშაო დოკუმენტში წერია, რომ საქართველოს ამჟამინდელი კურსი აჩერებს ევროინტეგრაციას

პუბლიკა

„რადიო თავისუფლება“ გაეცნო ევროპული საბჭოს უახლოესი შეხვედრის სამუშაო დოკუმენტს, სადაც საქართველოზეა საუბარი და ნათქვამია, რომ „მოქმედების ამჟამინდელი კურსის შეუცვლელობა საფრთხეში აგდებს საქართველოს ევროპულ გზას, ფაქტობრივად, მას აჩერებს“.

მედიის ცნობით, ევროკავშირის უმაღლესი ორგანო გეგმავს საქართველოს მთავრობას მოუწოდოს, განახორციელოს დემოკრატიული რეფორმები.

„ევროპული საბჭო იმეორებს, რომ მოქმედების ამჟამინდელი კურსის შეუცვლელობა საფრთხეში აგდებს საქართველოს ევროპულ გზას, ფაქტობრივად, მას აჩერებს. მოუწოდებს საქართველოს, განახორციელოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები ევროპული ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად. […] ევროპული საბჭო იმეორებს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის კურსთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის სადამფუძნებლო ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება“, – ნათქვამია სამუშაო დოკუმენტში.

„რადიო თავისუფლება“ წერს, რომ სამუშაო დოკუმენტში საქართველოს შესახებ კიდევ ორი ჩანაწერია. პირველის მიხედვით, ევროკავშირი მოელის, რომ მომავალი არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება, მეორე ჩანაწერში ევროკავშირი კიდევ ერთხელ აფიქსირებ ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს მომდევნო შეხვედრა 17 და 18 ოქტომბერს გაიმართება.