RFE/RL-ის პრეზიდენტი: რადიოსთვის დაფინანსების შეწყვეტა დიდი საჩუქარი იქნება ამერიკის მტრებისთვის

პუბლიკა

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) პრეზიდენტის, სტივენ კაპუსის თქმით, ამ ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტა იქნება „დიდი საჩუქარი ამერიკის მტრებისთვის”.

„ირანელი აიათოლები, ჩინელი კომუნისტი ლიდერები და ავტოკრატები მოსკოვსა და მინსკში იზეიმებდნენ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების დაცემას, 75 წელიწადის შემდეგ. ჩვენი მტრებისთვის გამარჯვების გადაცემა მათ გააძლიერებს და ამერიკას დაასუსტებს” – ამბობს კაპუსი თავის განცხადებაში.

„რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების მდიდარი ისტორიის განმავლობაში ჩვენ ორპარტიული მხარდაჭერით ვსარგებლობდით. დახურულ საზოგადოებებში მცხოვრებ 50 მილიონამდე ადამიანს, ვინც ყოველკვირეულად გვეყრდნობა ზუსტი ამბებისა და ინფორმაციის მისაღებად, უჩვენოდ აღარ ექნება წვდომა სიმართლეზე ამერიკისა და მსოფლიოს შესახებ” – დასძენს სტივენ კაპუსი.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც შვიდი ფედერალური სააგენტოს შემცირებას ითვალისწინებს, მათ შორის არის ისეთი სააგენტოები, რომლებიც მედიის, ბიბლიოთეკების, მუზეუმებისა და უსახლკარობის პრობლემის აღმოფხვრის საკითხებზე მუშაობენ.

ტრამპმა განკარგულება გასცა, რომ ეს უწყებები „მაქსიმალური მასშტაბით დაუქვემდებარონ შემცირებას”. ბრძანების მიხედვით, მათ უნდა „შეამცირონ თავიანთი კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციები და შესაბამისი პერსონალის საქმიანობა”.

ტრამპმა ბრძანებას 14 მარტს მოეწერა ხელი – სააგენტოებს შორის ერთ-ერთია აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტო (USAGM), რომელიც ზედამხედველობას უწევს „რადიო თავისუფლებას” და სხვა ფედერალურ მაუწყებლებს.