„რადიო თავისუფლების“ პრაღის ბიუროს მთავარი რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, კაია კალასმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის გაავრცელა განსახილველი დოკუმენტი, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი ის დამთმობი ნაბიჯები, რომლებიც რუსეთმა უნდა გადადგა უკრაინასთან მიმდინარე დიპლომატიურ მოლაპარაკებებში, რომელშიც მედიატორის როლს აშშ ასრულებს.
კაია კალასის დოკუმენტის მოთხოვნები მოიცავს რუსული ჯარების რაოდენობის შემცირებას და მათ გაყვანას მეზობელი ქვეყნებიდან, რეპარაციების გადახდასა და საზოგადოების დემოკრატიზაციის აუცილებლობას.
არც ევროკავშირი და არც მისი წევრი ცალკეული ქვეყანა არ მონაწილეობს უკრაინასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებში.
როგორც რიკარდ იოზვიაკი წერს, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინისთვის გაწეული დახმარების უდიდეს ნაწილს სწორედ ევროკავშირი აფინანსებს, ხოლო პოტენციური 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა მოიცავს ბრიუსელის მკაფიო კომპეტენციებს (მაგალითად, უკრაინის წევრობას ევროკავშირში 2027 წლისთვის), ევროპელი ლიდერები უკმაყოფილებას გამოთქვამენ მოლაპარაკებებში პოლიტიკური გავლენის ნაკლებობის გამო.
დოკუმენტი, სათაურით „ევროპის ძირითადი ინტერესები ყოვლისმომცველი, სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობისა და კონტინენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მშვიდობა და უსაფრთხოება ვერ მიიღწევა „მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროკავშირის ყოფნისა და მისი ძირითადი ინტერესების გათვალისწინების გარეშე“.
ერთი ევროპელი ოფიციალური პირი, რომელიც იცნობს დოკუმენტს, „რადიო თავისუფლებასთან“ ამბობს: „მშვიდობის მიღწევა მხოლოდ უკრაინის დათმობებზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ ასევე უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს რუსეთმა, სანამ იქ რაიმე ელჩს გავგზავნიდეთ“.
ევროკავშირის დედაქალაქებში რუსეთის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნაზე მსჯელობენ, თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს შეთანხმება იმაზე, თუ ვინ იქნება ეს პირი ან როგორი იქნება მისი მანდატი.
კაია კალასის დოკუმენტში ნათქვამია:
- თუ უკრაინამ უნდა შეზღუდოს ჯარების რაოდენობა ან გამოიყვანოს ისინი გარკვეული ტერიტორიებიდან (რაც აშშ-ის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებებში განიხილება), მაშინ რუსეთმაც იგივე უნდა გააკეთოს. დოკუმენტი ასევე მოითხოვს, რომ არ მოხდეს ოკუპირებული ტერიტორიების „დე იურე“ აღიარება და ეს ტერიტორიები იყოს დემილიტარიზებული იყოს.
- ევროკავშირი მოითხოვს, რომ რუსეთმა შეწყვიტოს დეზინფორმაციული კამპანიები, საბოტაჟი, კიბერშეტევები, საჰაერო სივრცის დარღვევა და ჩარევა არჩევნებში ევროპის ტერიტორიასა და მეზობელ ქვეყნებში.
- კიდევ ერთი მოთხოვნა ითვალისწინებს ბელორუსში ბირთვული იარაღის არარსებობას და რუსული სამხედრო ყოფნის აკრძალვას ბელორუსში, უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში – რუსული ჯარები ათეულობით წლებია, დგანან ამ ქვეყნების ოკუპირებულ რეგიონებში: აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონსა და დნესტრისპირეთში, ასევე ბაზებზე სომხეთსა და ბელორუსში.
- ევროკავშირი მოითხოვს, რომ არ მოხდეს ომის დანაშაულების საყოველთაო ამნისტია, საერთაშორისო გამომძიებლებს მიეცეთ წვდომა სავარაუდო დანაშაულის ადგილებზე და რუსეთის შიდა კანონმდებლობა არ დადგეს საერთაშორისო ხელშეკრულებებზე მაღლა.
- ტექსტში აღნიშნულია, რომ რუსეთმა უნდა აანაზღაუროს ზარალი და წვლილი შეიტანოს უკრაინის აღდგენაში, ასევე აანაზღაუროს ევროპული სახელმწიფოებისა და კომპანიებისთვის მიყენებული ზიანი და ეკოლოგიური ზარალი.
დოკუმენტში არის მოთხოვნები რუსეთის შიდა მდგომარეობასთან დაკავშირებითაც:
- თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საერთაშორისო მონიტორინგით.
- ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება.
- დეპორტირებული მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ბავშვების დაბრუნება.
- მედიის თავისუფლება და „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის გაუქმება.
- ისტორიის გაყალბების შეწყვეტა და იმ კანონების გაუქმება, რომლებიც კრიმინალად აცხადებენ განსხვავებულ აზრს.
- სრული თანამშრომლობა რუსი ოპოზიციონერი ლიდერების, ალექსეი ნავალნისა და ბორის ნემცოვის მკვლელობების გამოძიებაში.
რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატის მიერ წევრი ქვეყნებისთვის გაგზავნილი დოკუმენტი 23 თებერვალს ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილონ.