აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში, რიჩარდ ნეფიუ საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
ნეფიუ საქართველოში ასევე შეხვდება ხელისუფლების, ანტიკორუფციული ბიუროს და საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლებს.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ჯერ სწორედ მათ შეხვდა და ინფორმაცია მათგან მოისმინა. NGO-ებმა რიჩარდ ნეფიუსთან როგორც ღარიბაშვილის ჩარტერის, ისე საქართველოში მსხვილი ჩინური კომპანიების ოპერირების შესახებ ილაპარაკეს.
„დღეს ახალი კომპონენტი შემოდის ჩინური კომპანიების სახით, რომელიც სერიოზულ რისკებს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას. ამიტომ, როცა საქართველოში კორუფციაზე ვლაპარაკობთ, ეს აღარ არის უბრალოდ აღებ-მიცემობის თემა, რაც თავისთავად ცუდია, მაგრამ დაბალ დონეზე რჩება – საკითხები, რომელზეც დღეს მიმდინარეობს საუბარი, ეხება სტრატეგიულ კორუფციას, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას შეეხება. გუშინაც ვამბობდი, რომ მშვენიერი საჩუქარი გაგვიკეთა საქართველოს მთავრობამ სინო-ჰიდროთი. შეგვიძლია, პირდაპირ ეს მოვუყვეთ და დავასრულოთ საუბარი. იმიტომ, რომ იქ ჩანს, როგორც ცუდად შეიძლება წავიდეს საქმე, როცა ერთ არასწორ გადაწყვეტილებას მიიღებ”, – თქვა „სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ, თინა ხიდაშელმა.
რიჩარდ ნეფიუ საქართველოში სომხეთიდან ჩამოვიდა.