რიჟვაძემ ბათუმში სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის აშენებაზე ისაუბრა

პუბლიკა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს მთავრობის სხდომა აჭარის ბიუჯეტის თემის განხილვით დაიწყო.

მისი თქმით, 2023 წელს დაგეგმილია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საზღვაო აკადემიის საერთო საცხოვრებლის მშენებლობა.

„ასევე, მინდა, აღვნიშნო ახალი ინიციატივები, რომლებსაც ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში გავითვალისწინებთ. მოგეხსენებათ, რომ უკვე განვაცხადეთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთობლივი პროექტის განხორციელება, რაც ეხება საერთო საცხოვრებლის მშენებლობას.

ვინაიდან სტუდენტებისთვის, განსაკუთრებით, მაღალმთიანი აჭარიდან, ბინებზე წვდომა წარმოადგენს გარკვეულ პრობლემას, სიძვირეს, ამიტომ ჩვენ უკვე დამატებით, საზღვაო აკადემიასთან ერთად ვიზრუნებთ, რომ მომავალ წელს ავაშენოთ ერთიანი საერთო საცხოვრებელი, კამპუსი, რაც მისცემს შესაძლებლობას, ყველა სტუდენტს, უწყვეტად მიიღოს განათლება”, – განაცხადა დღეს რიჟვაძემ.