რიგგარეშე არჩევნების საკითხი ჩვენ არ შეგვითავაზებია - თალაკვაძე

პუბლიკა

„ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვუთხარით ოპოზიციას, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების არანაირი არგუმენტი დღეს არ არსებობს. რიგგარეშე არჩევნები ნებისმიერ დემოკრატიაში ტარდება მხოლოდ მაშინ, თუ ვერ მოხდა უმრავლესობის ჩამოყალიბება, მთავრობის ფორმირება, ან თუ კონსტიტუციით დადგენილი ის პროცესები განვითარდა, რომელიც განსაზღვრულია კანონმდებლობაში”. – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პირველ არხთან საუბრისას.

მისი თქმით, დღეს არც ერთი ასეთი ფაქტი სახეზე არ არის.

“ოპოზიციის მთავარი ბრალდება, რომ არჩევნები სისტემურად გაყალბდა, გაქარწყლებულია, ვინაიდან მათ უარი თქვეს სამივე მექანიზმზე, რაც ჩვენ შევთავაზეთ. როდესაც სხვას რამეს აბრალებ და შემდეგში ამის დასაბუთება არ შეგიძლია, თან, გადამოწმებაზე და გამოძიებაზეც უარს აცხადებ, ეს ნიშნავს, რომ ეს არის ჰაერში გასროლილი ცარიელი ბრალდება. შესაბამისად, რიგგარეშე არჩევნების საკითხი ჩვენ არც შეგვითავაზებია და რა თქმა უნდა, ამაზე არც თანხმობას ვეტყვით“ – აცხადებს თალაკვაძე.

შეგაგახსენებთ, რომ “მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან შემოთავაზებული იყო  საკითხი, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ აიღებდა 40%-ზე ნაკლებს, მაშინ 2022 წელს დაინიშნებოდა ვადამდელი არჩევნები, მაგრამ ეს ყველაფერი გახდა მიუღებელი ოპოზიციისთვის“.