რიგგარეშე არჩევნებს დავნიშნავთ, თუ მივიჩნევთ, რომ სისტემა კოალიციური მმართველობისთვის მზადაა - კობახიძე

პუბლიკა

პარტია „ქართულ ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, შარლ მიშელის შეთანხმებამ თავი ამოწურა და ანულირებულია. შესაბამისად, გაუქმდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის დათქმა, თუკი მმართველი გუნდი 43%-ზე დაბალ ნიშნულს დააფიქსირებს ადგილობრივ არჩევნებზე.

კობახიძის თქმით, „ოცნება“ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში „თავისი კეთილი ნებით“ დანიშნავს, თუკი ოპოზიციის „ქცევიდან ამოიკითხავენ“, რომ საქართველოს პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მზადაა.

„უპირველეს ყოვლისა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ კოალიციური მმართველობის ჯანსაღი ტრადიციის დამკვიდრება და სხვა პოლიტიკურ პარტიებზე სახელმწიფოს მართვის პასუხისმგებლობის განაწილება, საუკეთესო ევროპული პრაქტიკაა და „ქართული ოცნება“ ამას მხოლოდ მხარს უჭერს და მიესალმება.

შესაბამისად, მზად ვართ, ჩვენი კეთილი ნებით რიგგარეშე არჩევნები არა თუ ხმების 43%-ის, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც კი დავნიშნოთ, თუკი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მართვის ამგავრი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზიანებს.

ასეთ შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება ჩვენი კეთილი ნებით, იმ კონსტიტუციური პრაქტიკის შესაბამისად, რომელიც განვითარებულ ევროპულ დემოკრატიებში არის დამკვიდრებული,“- განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებაში „ნაციონალური მოძრაობა“ დაადანაშაულა, რადგან მისი თქმით, პარტიამ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა.