რიკოთთან ავარიის შედეგად, 3 პატრულ-ინსპექტორი გარდაიცვალა

პუბლიკა

რიკოთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას საპატრულო პოლიციის სამი თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს გენერალური პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცავების ავტომანქანისა და ,„FORD TRANSIT“-ის მარკის ევაკუატორის შეჯახების შედეგად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამი პატრულ-ინსპექტორი გარდაიცვალა, ხოლო ერთი პატრულ-ინსპექტორი და ევაკუატორის მძღოლი მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია) მიმდინარეობს.