რისკები ტვირთის ხელით აწევისას - რა მოვალეობები ეკისრება დამსაქმებელს

პუბლიკა

საქართველოს მთავრობამ ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნებზე ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა. დადგენილება 2023 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება.

1 მაისს გამოცემული დადგენილებით, დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის ჯანმრთელობის დაზიანების რისკის აღმოსაფხვრელად, დამსაქმებელი ვალდებულია არაერთი პირობა დაიცვას, მათ შორის:

  • მიიღოს სათანადო ორგანიზაციული ზომები ან გამოიყენოს შესაბამისი საშუალებები, განსაკუთრებით მექანიკური მოწყობილობები, რათა თავიდან აიცილოს დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა მიერ ტვირთის ხელით აწევის აუცილებლობა.

იქ, სადაც შეუძლებელია ტვირთის ხელის აწევის თავიდან აცილება, დამსაქმებელი ვალდებულია:

  • სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით წინასწარ შეაფასოს ტვირთის მახასიათებლები;
  • მიიღოს შესაბამისი ზომები დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა მიერ ჯანმრთელობის (განსაკუთრებით ზურგის) დაზიანების რისკის თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად;
  • სამუშაო სივრცე მოაწყოს ისე, რომ ტვირთის ხელით აწევა იყოს დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო.

რეგლამენტით გათვალისწინებულია მოთხოვნები დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის ინფორმირებულობის, სწავლებისა და კონსულტირების საკითხებთან დაკავშირებითაც.

დამსაქმებელი ვალდებულია, უზრუნველყოს სამუშაო სივრცეში მყოფი ნებისმიერი პირისთვის ინფორმაციის მიწოდება პოტენციური რისკების შესახებ, ასევე დამატებით უზრუნველყოს შესაბამისი სწავლების ჩატარება ტვირთვის სწორად გადატანისა და ყველა იმ რისკის თაობაზე, რომლის წინაშეც შეიძლება დასაქმებულები აღმოჩნდნენ.

რეგლამენტში ასევე აღნიშნულია, რომ ტვირთის ხელით აწევამ და სამუშაო გარემოს მახასიათებლებმა  შესაძლოა გამოიწვიოს ჯანმრთელობისათვის (განსაკუთრებით ზურგის) ზიანის მიყენების რისკი. დოკუმენტში გაწერილია ფაქტორები, რამაც შესაძლოა გახარდოს აღნიშნული რისკები. მაგალითად, თუ ტვირთი:

  • მეტისმეტად მძიმე ან მეტისმეტად დიდია;
  • მოუხერხებელი ან ხელმოსაჭიდად რთულია;
  • მოძრავია ან აქვს მოძრავი შიგთავსი;
  • ისეა განთავსებული, რომ მისი აწევა ან გადაადგილება მოითხოვს სხეულის ზედა ნაწილიდან ტვირთის მოშორებას, სხეულის ზედა ნაწილის დახრას ან სხეულის ზედა ნაწილის მობრუნებას;
  • კონფიგურაციის ან/და კონსისტენციის გამო შესაძლოა ზიანის მომტანი იყოს დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირისთვის, განსაკუთრებით შეჯახების შემთხვევაში.

დამსაქმებლების მიერ ტექნიკური რეგლამენტით გაწერილი მოთხოვნების შესრულებას ზედამხედველობას შრომის ინსპექცია გაუწევს.