„რიონის ხეობის მცველები“ პრაიდის წინააღმდეგ აქციაზე დასასწრებად მოდიან, – ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას” მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მარიტა მუსელიანმა დაუდასტურა.
მისი თქმით, აქციაზე საპატრიარქოს მოწოდების გამო გამოდიან და აპირებენ, რომ დაესწრონ დაგეგმილ პარაკლისს. მისივე თქმით, აქციაზე მოდის მოძრაობის სხვა ლიდერებიც – მაკა სულაძე, ვარლამ გოლეთიანი.
„დიახ, მოვდივართ… დიახ, ვაპირებთ, მივიღოთ მონაწილეობა [პრაიდის წინააღმდეგ]. ძირითადად, მომხრეები სხვადასხვა დროს წავიდნენ [თბილისში] და აბსოლუტურად მრევლზე მოწოდება როგორც კი გაკეთდა ყველამ მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენც… ვარლამიც მოდის, რასაკვირველია, კახაც [ასათიანიც]. ვიცი, რომ წამოსვლას აპირებდა.
პრაიდის წინააღმდეგ ჩვენ გამოვთქვით წერილობითი აზრი, პრაიდის იდეა პირდაპირ ეწინააღმდეგება…”, – ამბობს ის.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ემიჯნებიან ძალადობრივ ქმედებებს. მუსელიანის თქმით, აპირებენ, რომ დაესწრონ პარაკლისს.
„ჩვენი ადგილი ძალადობრივი ჯგუფების გვერდით არ არის. ჩვენ საპატრიარქოს მოწოდების მიხედვით მივდივართ აბსოლუტურად მშვიდობიან აქციაზე. არასოდეს ვყოფილვართ ძალადობრივი ჯგუფების გვერდით და არცერთი ძალადობრივი ჯგუფის მოწოდებაზე არსად არ გაგვივლია. ჩვენ როგორც მართლმადიდებელი მრევლი და ხალხი, რომელთაც აქვს პრაიდთან დაკავშირებით გამოხატული წერილობითი პოზიცია, მივდივართ ამ პოზიციის დასადასტურებლად, ასე ვთქვათ”, – ამბობს ის „პუბლიკასთან” საუბრისას.