რიონის ხეობისკენ დაძვრა არავის ეგონოს უკან გადადგმული ნაბიჯი, მივდივართ ბრძოლის წინა ხაზზე - გოლეთიანი

პუბლიკა

„რიონის ხეობის მცველებმა“ ფილარმონიასთან გზა გადაკეტეს. როგორც აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა აქციის მონაწილეებს უთხრა, ისინი დღეს იქ იქნებიან და ორმხრივად გადაიკეტება მოძრაობა. მისი თქმით, ეს იქნება ხელისუფლების გაფრთხილება. თუკი არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნები, „რიონის ხეობის მცველები“ რიონის ხეობისკენ დაიძვრებიან, მას შემდეგ, რაც ხვალ 4 საათზე რესპუბლიკის მოედანზე აქციას გამართავენ.

„რიონის ხეობაში დაძვრა არავის ეგონოს, რომ იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი, ჩვენ მივდივართ ბრძოლის წინა ხაზზე. იქ დასრულდება ყველაფერი და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, იყოს ადეკვატური, გაითვალისწინოს საზოგადოების სამართლიანი და არგუმენტირებული მოთხოვნა. ნუ შეიყვანს ამ პროცესებს კიდევ უფრო მეტად ჩიხში, საიდანაც გამოსვლა შეიძლება კიდევ უფრო რთული აღმოჩნდეს. ამიტომ თუ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება შესრულებული ხვალამდე, ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, დავიძრებით რიონის ხეობისკენ და მოვახდენთ ორივე მხრიდან ხეობის ბლოკირებას და ვერავინ ვერ შევა იქ და ვერ გამოვა იქიდან.

ეს შეგნებულად არ გავაკეთეთ აქამდე, რომ ყველანაირი გზა ამოგვეწურა, რომ სათქმელი აღარ ყოფილიყო, რომ ჩვენ მცდელობა დავაკელით და დესტრუქციისკენ გადავდგით ნაბიჯი. დესტრუქციისკენ ჩვენ არასდროს არ წავალთ, მათ შორის არც რიონის ხეობაში დაბრუნების შემდეგ. მაგრამ, ჩვენ იქ ვიქნებით იმდენი, რამდენიც საჭიროა ხეობის ბლოკირებისთვის და არ მივცემთ არავის საშუალებას, შელახოს ჩვენი სახელმწიფოებრივი და ჩვენი საერთო ინტერესები“, – განაცხადა გოლეთიანმა.