დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. სხდომაზე მხარეების მიერ დაყენებულ მტკიცებულებთა დასაშვებობაზე იმსჯელეს. ივერი მელაშვილის ადვოკატის ედუარდ მარიკაშვილის თქმით, მოსამართლემ ზეპირსიტყვიერად მოისმინა მხარეთა პოზიციები და სხდომა 16 თებერვალს გაგრძელდება.
დაცვის მხარემ მოსამართლეს ბრადების მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზებისა და 1:200 000-იანი მასშტაბის რუკის დაუშვებლობაზე მიმართა, რომელიც მარიკაშვილის თქმით, კანონდარღვევით ამოიღეს გამოძიების პროცესში.
ადვოკატი ამბობს, რომ განჩინებაში, რომელიც ჰქონდა ბრალდების მხარეს, ნათქვამია, რომ ჩხრეკა უნდა ჩატარებულიყო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის არქივში, სამართალდამცველებმა კი არა 1:200 000-იანი მასშტაბის რუკა, რომელიც მთავარი მტკიცებულებაა, არა არქივიდან, არამედ ნატალია ილიჩოვას თანამშრომლის ირმა გაბუნიას სამუშაო ოთახიდან ამოიღეს.
მარიკაშვილი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ ასევე დაუშვებელია ექსპერტიზის მიღება, რადგან მასში ჩართული იყო თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი. თავდაცვის სამინისტრო კი გამოძიების დაწყების ინიციატორია.
„ჩვენ ვითხოვთ იმ ექსპერტიზების დაუშვებლობას, რომლებშიც მონაწილეობდნენ სუბიექტური პირები. მათ შორის, ბატონი ხორბალაძის ანუ თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფიული დეპარტამენტის თანამშრომელი. რომელიც პირადად იყო ჩართული ექსპერტის სტატუსით.
ჩვენთვის წარმოუდგენელია, ხორბალაძის თანამშრომლის ჩატარებული ექსპერტიზა, რომელიც არის ამ საქმეში მხარე, თავდაცვის სამინისტრო, ზოგადად არის მხარე და როგორ შეიძლება მისი თანამშრომლის მიერ ჩატარებული ექსპერტიზა იყოს ობიექტური და მიუკერძოებელი.
ასევე, ჩვენ, დაცვის მხარემ დავნიშნეთ ექსპერტიზები საზღვარგარეთ. მათ შორის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხებში საკმაოდ გამოცდილ პროფესიონალთან და ამ მტკიცებულების დაუშვებლობას ითხოვს ბრალდების მხარე“, – განაცხადა მარიკაშვილმა.
ნატალია ილიჩოვას ადვოკატი გიორგი მახარაძე ამბობს, რომ პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებათა ერთობლიობა არასაკმარისია არსებითი განხილვის დასაწყებად და იმედოვნებს, რომ მოსამართლე ამას მხედველობაში მიიღებს.
„ძალიან მარტივად მტკიცდება კონკრეტული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების დაუშვებლობა. არ არსებობს იმ მტკიცებულებებათა ერთობლიობა, თქვენ იცით, წინასასამართლო სხდომისთვის სტანდარტი არის დასაბუთებული ვარაუდი. ამ დასაბუთებული ვარაუდისთვის არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა“, – განაცხადა გიორგი მახარაძემ.
ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორი კი საპასუხოდ ამბობს, რომ ჩხრეკა ეფუძნებოდა სასამართლოს განჩინებას, რომელიც არ აზუსტებდა უწყების შიგნით სად ჩატარდებოდა კონკრეტულად ეს ჩხრეკა. მიხეილ სადრაძის თქმით, ასევე ბრალდების მხარე ახალ მტკიცებულებად მიიჩნევს ივერი მელაშვილის მიერ ტელეეთერში გაკეთებულ განცხადებას დავით გარეჯთან მიმართებით. მიუხედავად იმისა, რომ გარეჯის მონაკვეთი დელიმიტაციის კომისიებს შორის შეთანხმებული არ არის და გამოძიება ამ მონაკვეთთან დაკავშირებით არ ედავება ბრალდებულებს.