რის ხარჯზე მცირდება უმუშევრობის მაჩვენებელი? - IDFI

პუბლიკა

რის ხარჯზე მცირდება უმუშევრობის მაჩვენებელი? – ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” (IDFI) ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს. მოკვლევის ძირითადი მიგნებები ასეთია:

  • 2014-2023 წლებში  უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირება  ძირითადად  განპირობებულია სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდით (+24%) და სამუშაო ძალის შემცირებით (-2%). კერძო სექტორში (თვითდასაქმებულთა ჩათვლით) დასაქმებულთა ზრდა  მხოლოდ 2%-ია.
  • 2023 წელს 10 წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით, კერძო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა რიცხვი გაზრდილია 12%-ით, ხოლო თვითდასაქმებულთა მაჩვენებელი შემცირებულია 9%-ით.
  • საქსტატის მიერ სამუშაო ძალის  გამოკვლევით მიღებული სტატისტიკის მიხედვით 2023 წელს სახელმწიფო სექტორში დასაქმებული იყო 320.5 ათასი კაცი, ხოლო ოფიციალური მონაცემებით IDFI-ს ანალიზის  მიხედვით დასაქმებული იყო მინიმუმ 420 ათასი ადამიანი;
  • 2014-2023 წლებში ემიგრაციის შედეგად, საქართველოს მოქალაქეების პოტენციური სამუშაო ძალა ქვეყანაში შემცირდა 197.2 ათასი კაცით, რაც  დაბალანსდა მიგრანტი უცხო ქვეყნის 202 ათასი 15 წელს ზევით ასაკის მოქალაქით.

გთავაზოვთ IDFI-ის ანალიტიკურ სტატიას სრულად:

„სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2024 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით საქართველოში უმუშევრობის დონე 13.7%-ია, რაც ისტორიული მინიმუმია. საქართველოს მმართველი პარტიის საარჩევნო პროგრამაშიც, ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად შემცირებული უმუშევრობა სახელდება და 2028 წლამდე მისი 4%-მდე შემცირების დაპირებასაც გასცემენ.

წინამდებარე სტატიაში, საჯაროდ ხელმისაწვდომ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, გაანალიზებულია ბოლო 10 წლის  მანძილზე დასაქმების და უმუშევრობის არსებული მაჩვენებლების დინამიკა და მისი განმაპირობებელი ფაქტორები. ცალკეული მახასიათებლების მიხედვით,  დასაქმების კვარტალური მაჩვენებლები ხელმისაწვდომი არ არის (მაგალითად, დასაქმების მაჩვენებლების განაწილება სახელმწიფო და კერძო სექტორში)  შესაბამისად ტენდენციები ჩვენს მიერ უმეტესწილად შეფასებულია 2023  წლის მდგომარეობით.

როგორ ითვლება უმუშევრობის დონე?

ქვეყანაში არსებული უმუშევრობის დონის მაჩვენებელი წარმოადგენს უმუშევართა პროცენტულ წილს სამუშაო ძალაში. ქვეყნის სამუშაო ძალად ითვლება 15 წლის და უფროსი ასაკის შრომისუნარიანი მოსახლეობა, რომელიც  დასაქმებულია, ან უმუშევარია და სამსახურს ეძებს.  კერძოდ, სტატისტიკის მიზნებისთვის  უმუშევრად ითვლება 15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც არ არის დასაქმებული და ბოლო 4 კვირის განმავლობაში აქტიურად ეძებდა სამუშაოს, ხოლო პოვნის შემთხვევაში მზად არის მუშაობა დაიწყოს უახლოეს ორ კვირაში.

უმუშევრობის დონის მაჩვენებელი, მისი გამოთვლის სპეციფიკის გათვალისწინებით, დამოკიდებულია როგორც უმუშევართა რაოდენობაზე, ასევე სამუშაო ძალის რიცხოვნობაზე. მაგალითად,   დასაქმებულთა უცვლელი რაოდენობის პირობებში,  სამუშაო ძალის შემცირება განაპირობებს უმუშევრობის დონის შემცირებას.

რის ხარჯზე გაიზარდა დასაქმების მაჩვნებელი?

2023 წელს ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელმა 16.4% შეადგინა, რაც ბოლო 10 წლის საუკეთესო მაჩვენებელია.  ამ პერიოდში  უმუშევრობის მაჩვენებლის გაუმჯობესება განპირობებულია როგორც დასაქმების მაჩვენებლის გაუმჯობესებით, ასევე სამუშაო ძალის შემცირებით. კერძოდ, 2023 წელს დასაქმებული იყო 1,33 მილიონი კაცი, რაც  2014 წლის მაჩვენებელს 6%-ით (79.6 ათასი კაცით მეტი) აღემატება. სამუშაო ძალის მოცულობა 2023 წელს იყო 1.596 მილიონი კაცი, რაც 2014 წელთან შედარებით 2%-ით (32.7 ათასი კაცით ნაკლები) არის შემცირებული. საკვლევ პერიოდში სამუშაო ძალის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2015 წელს იყო 1.68 მილიონი კაცი.

დასაქმებულთა მაჩვენებლების  საკუთრების ფორმების მიხედვით ანალიზი აჩვენებს, რომ ბოლო 10 წელში დასაქმების მაჩვენებლის გაუმჯობესება უმეტესწილად განპირობებულია სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ზრდით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში (კერძო სექტორში დაქირავებით დასაქმებულები და თვითდასაქმებულები) დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.  კერძოდ, საქსტატის მონაცემებით 2023 წელს სახელმწიფო სექტორში დასაქმებული იყო 320.5 ათასი კაცი, რაც 2014 წელთან შედარებით 25 პროცენტიანი ზრდაა. კერძო სექტორში (დაქირავებით დასაქმებულები და თვითდასაქმებულები) დასაქმებული იყო 1,01 მილიონი კაცი, რაც 2014 წლის მაჩვენებელს მხოლოდ 2%-ით აღემატება. კერძო სექტორში ყველაზე მეტი ადამიანი დასაქმებული იყო 2016 წელს, ხოლო ყველაზე ცოტა 2021 წელს, რაც განპირობებული იყო პანდემიით. 2023 წელს კერძო სექტორში დასაქმების მაჩვენებელი დაახლოებით დაუბრუნდა პანდემიამდელ ნიშნულს.

არასახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა მაჩვენებლები მოიცავს როგორც კერძო სექტორში დაქირავებით დასაქმებულებს, ასევე თვითდასაქმებულებს, რომლებიც საქმიანობენ გარკვეული მოგების მიღების მიზნით.   2023 წელს 10 წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით, დაქირავებით დასაქმებულთა რიცხვი გაზრდილია 12%-ით, ხოლო თვითდასაქმებულთა მაჩვენებელი შემცირებულია 9%-ით.

რამდენი ადამიანია სახელმწიფო სექტორში ფაქტობრივად დასაქმებული?

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მეთოდოლოგიის მიხედვით სახელმწიფო სექტორში დასაქმებულად მოიაზრებს ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში და ყველა იმ საწარმოში დასაქმებულებს რომელშიც სახელმწიფოს წილი 50%-ზე მეტია. აღნიშნული განმარტების მიხედვით, წარმოებული სტატისტიკა სრულად უნდა ფარავდეს სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა შესახებ მონაცემებს. თუმცა, საქსტატის მიერ სამუშაო ძალის შერჩევითი გამოკვლევით მიღებული სტატისტიკა წარმოადგენს მიახლოებით მონაცემებს, ხოლო საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული თანამშრომლების ფაქტობრივი მონაცემების ანალიზი ბიუროკრატიული აპარატის გაცილებით დიდ მასშტაბზე მეტყველებს.  სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ წარმოებული ოფიციალური კრებსითი მონაცემების ანალიზის შედეგად, დგინდება რომ სახელმწიფო სექტორში 2023 წლის მდგომარეობით დასაქმებული იყო მინიმუმ 420 ათასი ადამიანი.  შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ საქართველოში უმუშევრობის დონის შემცირებაში სახელმწიფო სექტორის გავლენა ფაქტობრივად უფრო მაღალია, ვიდრე საქსტატის მიერ  სამუშაო ძალის გამოკვლევის შედეგები აჩვენებს.

საქართველოს საჯარო სექტორში განსაზღვრული არ არის პასუხისმგებელი უწყება, რომელიც სრულად და ერთგვაროვნად აღრიცხავდა სახელმწიფო სექტორში ფაქტობრივად დასაქმებულთა შესახებ მონაცემებს. მსგავსი მონაცემების კრებსითად შეგროვებას საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე უზრუნველყოფს სხვადასხვა უწყება.

– ფინანსთა სამინისტროს მიერ ცენტრალური ბიუჯეტის შესრულების დოკუმენტში წარმოდგენილია  იმ სახელმწიფო სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების დასაქმების მაჩვენებლები, რომლებსაც საბუჯეტო დაფინანსებასთან ერთად გააჩნიათ საკუთარი შემოსავლები. მსგავს უწყებებში 2023 წლის მდგომარეობით დასაქმებული იყო 176.151 პირი.

– სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების დოკუმენტში წარმოდგენილია საბიუჯეტო პროგრამების/ქვეპროგრამების განმახორციელებელ უწყებებში (პარლამენტი, მთავრობა, სამინისტროები, სასამართლოები, გუბერნატორის ადმინისტრაციები და სხვადასხვა სსიპ-ები)  მომუშავეთა რიცხოვნობა, რომლის მიხედვით 2023 წელს დასაქმებული იყო 113.678 პირი. ასიგნებების დოკუმენტში ასახული მომუშავეთა რიცხოვნობა, გარკვეულწილად ფარავს პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების საშტატო მონაცემებსაც. დუბლირებული მონაცემების მაქსიმალური გამორიცხვით, სახელმწიფო ბიუჯეტის განმკარგავ ორგანიზაციებში  2023 წელს დასაქმებული იყო დაახლოებით 77 000 პირი.

– ფინანსთა სამინისტროს ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტში წარმოდგენილია სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებული თანამშრომლების შესახებ  მონაცემები. ბოლო განახლებით 2022 წელს სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებული იყო 62 000 ათასამდე პირი.

განხილული ფინანსთა სამინისტროს  საბიუჯეტო დოკუმენტების მიღმა დარჩენილია  ადგილობრივი თვითმმართველობების მერიებსა და საკრებულოებში, მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში, აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ თანამშრომელთა შესახებ მონაცემები. საჯარო სამსახურის ბიურო აწარმოებს უშუალოდ საჯარო მოსამსახურეთა სტატისტიკას, სადაც ხვდება მერიების, საკრებულოების და ავტონომიური რესპუბლიკის მონაცემებიც. ბიუროს 2023 წლის ანგარიშის მიხედვით  მერიებსა და საკრებულოებში მუშაობდა 12,792 საჯარო მოსამსახურე, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების საჯარო დაწესებულებებში  1,471 საჯარო მოსამსახურე.

კრებსითი მონაცემების მოძიების კუთხით, ყველაზე პრობლემურ სახელმწიფო უწყებათა კატეგორიას წარმოადგენს მუნიციპალური ა(ა)იპ-ები. მსგავს უწყებებში დასაქმებულთა შესახებ ყველაზე ახალი კონსოლიდირებული მონაცემები ხელმისაწვდომია სახელმწიფო აუდიტის მიერ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომლის მიხედვით 2019 წლის მდგომარეობით დასაქმებული იყო 61,401 პირი. IDFI-ს მიერ შემდგომ წლებში, მუნიციპალიტეტების ა(ა)იპ-ებზე საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით, არასრული მონაცემებით ჩატარებული კვლევები ცხადჰყოფდა რომ, მუნიციპალური ა(ა)იპ-ები გამოირჩევიან ბიუროკრატიის ზრდის მაღალი ტემპით. შესაბამისად,  2023 წლის მდგომარეობით ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იქნება გაზრდილი. მაგალითად, აუდიტის სამსახურის მონაცემებით თბილისის ა(ა)იპებში 2019 წელს დასაქმებული იყო 3,395 პირი, ხოლო IDFI-ს მიერ  მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით ეს მაჩვენებელი 2022 წელს გაზრდილი იყო 4,894-მდე. თუმცა, კვლევის მიზნებისთვის, რომელიც ეფუძნება მხოლოდ ოფიციალურ მონაცემებს IDFI არ მიიჩნევს მიზანშეწონილად შეფასებითი  და ვარაუდის დონეზე დამუშავებული მონაცემების გამოყენებას.

2022 წლიდან, ასევე ამოქმედდა სოციალურად დაუცველთა საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიხედვით  სოციალურად დაუცველ პირებს რომლებიც მოახდენენ მათი დასაქმების ფორმალიზებას ან/და დასაქმდებიან პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო უწყებებში სპეციალურად მათთვის გამოცხადებულ ვაკანსიებზე  4 წლის განმავლობაში უწყვეტად უნარჩუნდებათ საარსებო შემწეობის მიღების უფლება. 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით 2023 წელს საზოგადოებრივ სამუშაოზე ჩართვის მიზნით ხელშეკრულება გაფორმდა 39 999 სოციალურად დაუცველ პირთან, საიდანაც წლის ბოლოს აქტიური იყო 32,921 ხელშეკრულება.  ჯანდაცვის მინისტრის მიერ ანგარიშის წარდგენისას გაკეთებული განცხადების მიხედვით ამ პირებიდან 28,282 მუშაობდა  ადგილობრივ თვითმმართველობებში, რომლებიც ჩვენს მიერ ზემოთ განხილულ სტატისტიკაში ვერ აისახებოდა. ასევე, მინისტრის განცხადებითვე 20,096 პირი დარეგისტრირდა  როგორც თავისუფალ ბაზარზე დასაქმებული, ხოლო 238-მა ეკონომიკური საქმიანობა დააკანონა. სოციალურად დაუცველთა მიერ დასაქმების ფორმალიზება, ასევე შესაძლებელია განვიხილოთ როგორც  უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირების გარკვეული წინაპირობა.

რატომ შემცირდა სამუშაო ძალა?

ქვეყანაში სამუშაო ძალის შემცირების მიზეზად შესაძლებელია განხილული იყოს სხვადასხვა ფაქტორი. მათ შორის,  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია  პოტენციური სამუშაო ძალის საზღვარგარეთ გადინება.  საქსტატის მონაცემებით 2014 წლიდან 2020 წლამდე 15 წელს ზევით ასაკის მოსახლეობის მიგრაციული სალდო ყოველ-წელს იყო უარყოფითი. სამუშაო ძალის მაჩვნებლებიც 2015 წლის შემდეგ ყოველწლიურად იკლებს და 2020 წელს მინიმალურ 1,523.7 ნიშნულს აღწევს. მიგრაციასთან ერთად, 2020-2021 წლებში სამუშაო ძალის დაბალი მაჩვენებლის მიზეზად შესაძლებელია განხილულ იქნას პანდემიით შექმნილი სიტუაცია და პოტენციური სამუშაო ძალის მიერ სამუშაოს პოვნაზე გაუარესებული მოლოდინები. პოსტპანდემიურ პერიოდში სამუშაო ძალის მაჩვენებლები იწყებს მატებას, რასაც ასევე ხელს უწყობს 15 წელს ზევით მოსახლეობის დადებითი მიგრაციული სალდო.  2022-2023 წლებში  დადებითი მიგრაციული სალდო  განპირობებულია, რუსეთ უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში მიგრაციით. მაგალითად, 2022-2023 წლებში პოტენციური სამუშაო ძალის საქართველოს მოქალაქეების უარყოფითი მიგრაციული  სალდო არის – 66 397 მოქალაქე, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების დადებითი მიგრაციული სალდო + 118 377 უცხო ქვეყნის მოქალაქე.

ჯამურად, 2014-2023 წლებში ემიგრაციაში წავიდა 692.1 ათასი 15 წელზე დიდი ასაკის საქართველოს მოქალაქე, ხოლო ქვეყანაში დაბრუნდა 495 ათასი. შესაბამისად,  ბოლო 10 წელში საქართველოს მოქალაქეების პოტენციური სამუშაო ძალა ქვეყანაში შემცირდა 197.2 ათასი მოქალაქით. საქართველოს მოქალაქეების პოტენციური  სამუშაო ძალა ქვეყანაში ჩანაცვლდა უცხო ქვეყნის 202 ათასი 15 წელს ზევით ასაკის მოქალაქით.

2022-2023 წლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში გაზრდილ მიგრაციასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაიზარდა მათ მიერ კომპანიების რეგისტრაციის მაჩვენებელი. უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ბიზნეს საქმიანობის დაწყება, გარკვეულწილად დადებითად აისახება საქართველოში დასაქმების მაჩვენებელზეც. მაგალითად, IDFI-ს კვლევის მიხედვით მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებმა 2022-2024 (1 ივნისამდე)  წლებში  30,295 კომპანია დაარეგისტრირეს, რომელთა 90% ინდმეწარმედ არის რეგისტრირებული. ქვეყანაში ინდემეწარმეთა რიცხვის ზრდა, თავის მხრივ აისახება თვითდასაქმებულთა მაჩვენებელზე. 2024 წლის II კვარტალში, როდესაც დაფიქსირდა უმუშევრობის ისტორიული მინიმუმი 13.7%, დასაქმებულთა რიცხვი უმეტესწილად გაიზარდა თვითდასაქმებულთა ხარჯზე (+10%).

საქართველოს სამუშაო ძალის ბოლო 10 წლის მაჩვენებლების ანალიზი აჩვენებს, რომ ქვეყანაში უმუშევრობის დონის მაჩვენებლების ისტორიულ მინიმუმამდე შემცირება, უმეტესწილად  განპირობებულია სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ზრდით, სამუშაო ძალის მაჩვენებლების შემცირებით და სტრუქტურის ცვლილებით,  კვაზი დასაქმების სახელმწიფო პროგრამებით, რომელიც გამსჭვალულია სოციალურ-პოლიტიკური მიზნებით და ნაკლებად კავშირშია  ჯანსაღ ეკონომიკურ პროცესებთან.

ასევე, მნიშვნელოვან პრობლემად შესაძლებელია შეფასდეს სახელმწიფო სექტორში ფაქტობრივად დასაქმებული თანამშრომლების შესახებ ინფორმაციის არასრული და არაერთგვაროვანი აღრიცხივის პრაქტიკა. აღნიშნული განაპირობებს სხვადასხვა ოფიციალურ მონაცემებს შორის მნიშვნელოვანს განსხვავებებს და შეუძლებელს ხდის  სრულფასოვან ანალიზს.