რის საფუძველზე ცნეს ორგანიზაციები და მათი ხელმძღვანელები გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად | დოკუმენტი

პუბლიკა

ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილებები, რომლის საფუძველზეც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, ეკა გიგაური, „აირჩიე ევროპა“, ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად ცნო და 5 დღის ვადაში ფინანსური ანგარიშების და საბანკო რეკვიზიტების წარმოდგენა დაავალა.

გადაწყვეტილებებში ვკითხულობთ, რომ იურიდიულ/ფიზიკურ პირს შეიძლება ჰქონდეს გაცხადებული საარჩევნო მიზანი. სამოტივაციო ნაწილი განმარტავს, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონის შესაბამისი ნორმა ითვალისწინებს ორ წინაპირობას: „ა) საჯარო განცხადებას, რომელიც ბ) მიმართულია საზოგადოების აზრის ფორმირებისკენ“. „ორივე წინაპირობა შესაძლებელია შეფასდეს ობიექტური ტესტით, კერძოდ, საჯაროდ შეიძლება ჩაითვალოს არა მხოლოდ ვერბალური, არამედ წერილობითი ან ნებისმიერი სხვა გზით გამოხატული ნება“ – აღნიშნულია სამოტივაციო ნაწილში. ამავე დოკუმენტით, პარტიებისთვის დაწესებული შეზღუდვები შეიძლება გავრცელდეს ფიზიკურ/იურიდიულ პირზე იმ შემთხვევაში, თუ იყენებს ფინანსურ მატერიალურ რესურსებს ან პირადი ან ირიბი ჩართულობით ხელს შეუწყობს საარჩევნო მიზნის მიღწევას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ და ეკა გიგაურის შესახებ მომზადებულ გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, რომ პროექტი „ჩემი ხმა ევროკავშირს“ ხორციელდება კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მიზნით – ეკა გიგაური კი პოლიტიკური მიზნის მქონე განცხადებებს აკეთებს არა მხოლოდ როგორც ფიზიკური პირი, ასევე როგორც „გამჭვირვალობის“ აღმასრულებელი დირექტორი ორგანიზაციის საქმიანობის ფარგლებში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის მიერ საჯაროდ გაკეთებული არაერთი განცხადება, რომლისთვისაც გამოყენებულია მედია თუ სხვა სახის საშუალებები (მათ შორის, მოხსენება აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში), პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მოწოდებებს შეიცავს, რაც სრულად აკმაყოფილებს განცხადებული პოლიტიკური მიზნის სუბიექტურ ტესტს.

ობიექტური ტესტის შემოწმების მიზნებისთვის, კამპანიის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შეფასების საფუძველზე დასტურდება, რომ კამპანიის მიზნების მისაღწევად გამოყენებულია შესაბამისი ფინანსური და მატერიალური რესურსები, მათ შორის, შექმნილია ვებ-გვერდი და სპეციალური აპლიკაცია, ჩატარდა არაერთი შეხვედრა და ღონისძიება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მომზადდა და გავრცელდა არაერთი ვიდეორგოლი, რომლის შინაარსიდანაც იკვეთება არჩევნების გზით ცვლილებებისკენ მოწოდება, რასაც აქვს პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მიზანი“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

გადაწყვეტილებას სრულად გაეცანით ბმულზე.

რაც შეეხება „აირჩიე ევროპას“, ხათუნა ლაგაზიძისა და ორგანიზაციის თანადამფუძნებლების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, ამ შემთხვევაშიც აღნიშნულია, რომ ამ ორგანიზაციის ქმედებები და ფინანსური რესურსი მიმართულია კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მიზნით.

გადაწყვეტილებაში მოყვანილია სააპელაციო სასამართლოს დადგენილება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „აირჩიე ევროპას“ გაცხადებული აქვს საარჩევნო მიზნები, „რაც დადასტურებულია აღნიშნული მოძრაობის წევრთა მიერ გამართულ პრეზენტაციებზე, მოსახლეობასთან შეხვედრებსა თუ მედია სივრცეში გაკეთებულ განცხადებებში. პალატა განმარტავს, რომ მოძრაობის წევრთა – მომჩივანთა მიერ მედია სივრცეში, თუ საჯარო შეხვედრებზე გამოხატული პოზიცია მოძრაობის საარჩევნო დაკავშირებით საზოგადოებრივი მიმართულია მიზნებთან აზრის ჩამოყალიბებისკენ და იძლევა საფუძველს იმისა, რომ ისინი მიჩნეულ იქნენ „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“.

პალატა ყურადღებას ამახვილებს მოძრაობის თანადამფუძნებლისა და თავმჯდომარის, ხათუნა ლაგაზიძის მიერ მედია სივრცეში გამოხატულ პოზიციაზე, რომლის შესაბამისადაც მოძრაობის პრეზენტაციის მთავარი მიზანი საზოგადოების ფართო ფენებში კონკრეტული პოლიტიკური პარტიის დამარცხების ინტერესის და იმედის გაღვიძებაა. ამდენად, მოძრაობა „აირჩიე ევროპის“ საქმიანობა დაკავშირებულია ისეთ წინასაარჩევნო პოლიტიკურ მოქმედებასთან, რომელიც ემსახურება კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მიზანს, ხოლო ამ მიზნით მის მიერ გამოყენებული მატერიალური თუ ადამიანური რესურსები მოხმარდა მოსახლეობაში განწყობის ჩამოყალიბებას და აზრის ფორმირებას მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით. ამდენად, სახეზეა მოძრაობის მიერ ფინანსური ხარჯის გაწევა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ.

პალატა ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს საჩივრის ავტორთა პოზიციას მათ მიერ გაკეთებული განცხადებების გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში გაცხადებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ რამდენადაც გამოკვეთილია მოძრაობის პოლიტიკური მიზანი, მოძრაობის წევრთა მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებები სხვა პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს მიღმა, ექცევა ზემოთ მითითებული კანონის რეგულირების სფეროში“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

დოკუმენტს სრულად გაეცანით ბმულზე.