რიში: ოქტომბერში ხალხს საშუალება ექნება, მოიშოროს არამზადები, მოიპოვოს კონტროლი მომავალზე

პუბლიკა

12 სექტემბერს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაიმართა მოსმენა, სახელწოდებით „არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონები და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების სხვა ინსტრუმენტები“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დირექტორმა, ეკა გიგაურმა საქართველოში არსებული ვითარება მიმოიხილა, შემდეგ აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში სენატორების კითხვებს უპასუხა.

სენატორმა ჯიმ რიშმა გიგაურის მოსმენის შემდეგ თქვა:

„თუ სიმართლეა ის, რასაც თქვენ ქართველ ხალხსა და მის სურვილებზე ამბობთ, მათ ოქტომბერში ექნებათ საშუალება, მოიშოროს არამზადები და მოიპოვოს კონტროლი საკუთარ მომავალზე. დაგაკვირდებით და ვილოცებთ თქვენთვის“.

სენატორმა ასევე თქვა, რომ აშშ-ში არ ესმით საქართველოს დემოკრატიის უკუსვლის.

„საქართველოში 4 მილიონზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს… რატომ მიდის საქართველო რუსეთისკენ? ბალტიის ქვეყნებს რომ შევადაროთ, იქაც ცოტა ხალხი ცხოვრობს, მაგრამ მათ არაფერი სურთ რუსეთთან, არც ერთი ფორმით. აქეთ კი გვაქვს საქართველო, სადაც შეიჭრა რუსეთი, წაართვა ორი რეგიონი, რომლებიც ახლაც ოკუპირებული აქვს. […] რის გამო შეიძლება გყავდეთ მნიშვნელოვანი რაოდენობის ხალხი, რომელთაც კომუნისტური და სოციალური ცხოვრებისკენ უკან დაბრუნება სურთ?“ – იკითხა მან.

ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ მრავალი წელია, ხელისუფლება ორგანიზებას უწევს დეზინფორმაციების კამპანიებს, რისი მიზანიც დასავლური ღირებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოებისათვის ძირის გამოთხრაა, თუმცა, ამის მიუხედავად, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას დასავლური ინტეგრაცია სურს.