რიში/შაჰინი: დახმარების შეჩერების გადაწყვეტილება გზავნის სიგნალს, რომ მთავრობის ქმედებებს რეალური შედეგები აქვს

პუბლიკა

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროსი წევრი ჯიმ რიში და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს 95-მილიონიანი დახმარების შესახებ გადაწყვეტილებას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ დახმარების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გზავნის სიგნალს, რომ შეერთებული შტატების დახმარება არ არის უპირობო და მთავრობის ქმედებებს რეალური შედეგები აქვს.

განცხადება:

„ჩვენ მივესალმებით დღევანდელ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ორმხრივი დახმარების შეჩერების შესახებ, „უცხოელი აგენტების” კანონის ამოქმედების საპასუხოდ, რომელიც გამოყენებული იქნება იმ სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც იბრძვიან თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისთვის.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა რუსეთისგან 1991 წელს, შეერთებული შტატები იყო დემოკრატიული ძალისხმევისა და რეფორმების ამაყი მხარდამჭერი, მუშაობდა მთავრობასთან ერთად სახელმწიფო ინსტიტუტების გასაძლიერებლად და მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად 2008 წელს რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ანექსიის შემდეგ.

საქართველოს მთავრობას უსაფუძვლოდ სჯეროდა, რომ უარი საკუთარი მოქალაქეების დემოკრატიულ მისწრაფებებზე გავლენას არ მოახდენდა მის ურთიერთობაზე შეერთებულ შტატებთან. დღევანდელი გადაწყვეტილება გზავნის სიგნალს, რომ შეერთებული შტატების დახმარება არ არის უპირობო და მთავრობის ქმედებებს რეალური შედეგები აქვს.

მიუხედავად აშშ-ის დახმარების შეჩერების გადაწყვეტილებისა, შეერთებული შტატები რჩება ქართველი ხალხის ტრანსატლანტიკური მისწრაფების ერთგული. სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება ასახავს კონგრესში, ჩვენი კანონმდებლობის ერთ-ერთი დებულებისადმი ორპარტიულ მხარდაჭერას – „ქართველი ხალხის აქტს”, რომელიც მოითხოვს საქართველოსთვის ორმხრივი დახმარების გადახედვას.

ჩვენ გავაგრძელებთ კანონპროექტში გათვალისწინებული დამატებითი ღონისძიებების ადვოკატირებას, რომელიც დააკისრებს საქართველოს მთავრობას ანგარიშვალდებულებას და დაეხმარება ქართველ ხალხს თავისი დემოკრატიული გზის გატარებაში. შეერთებული შტატები მზადაა განაახლოს ურთიერთობები, მას შემდეგ, რაც მთავრობა კიდევ ერთხელ დაადასტურებს თავის ერთგულებას ჩვენი საერთო მიზნების მიმართ”, – ნათქვამია წერილში.


გუშინ, 31 ივლისს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობისთვის დახმარების გაჩერების შესახებ გამოაცხადა. სახელმწიფო მდივნის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირისა და ნატოს წევრობის ნორმებს.

„23 მაისს საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების შემდეგ, განვაცხადე აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შესახებ. ამ გადახედვის შედეგად, აშშ აჩერებს 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას, რომლითაც პირდაპირ სარგებლობს საქართველოს ხელისუფლება“, – წერია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.