თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, რომელიც ბორჯომში, სტიქიის ზონაში იმყოფება, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში მობილიზებულია ყველა შესაბამისი საშუალება, რაც საჭიროა ხანძრის ჩასაქრობად.
„გუშინვე პრემიერ-მინისტრმა გამოსცა განკარგულება, რის მიხედვითაც საქართველოს თავდაცვის ძალები ჩაერთო აღნიშნულ ღონისძიებაში. ჩვენ ამ ეტაპზე მობილიზებული გვყავს ტექნიკა, ყველა საშუალება, რაც შეიძლება აქ იყოს საჭირო, ასევე ცოცხალი ძალა. ჩვენ უკვე ვფიქრობთ, რომ რისკები არის შემცირებული და ის რისკები, რაც იყო გუშინ, უკვე თავიდან არის არიდებული. მოხდა იმ კერების ლოკალიზება, რაც შეიძლებოდა გავრცელებულიყო დასახლებული პუნქტების მიმართულებით.“
მინისტრი ამბობს, რომ 19 აგვისტოსვე ვერტმფრენის ჩარტულობა ხანძრის კერებს ვერ შეამცირებდა:
„19 რიცხვშივე შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფები ჩაერთნენ აღნიშნულ ღონისძიებაში და მას შემდეგ, რაც უკვე საჭირო გახდა ჯარის ჩართვა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება. შესაბამისი კომპეტენტური ადამიანები და უწყებები აფასებენ რისკს და შესაბამისად, იღებენ გადაწყვეტილებას, რა ტექნიკის ჩართვაა საჭირო იმ ეტაპზე. ვერტმფრენის ჩართულობა ამ კერებს ვერ შეამცირებდა 19 რიცხვშივე.“
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ადგილზე მობილიზებულია ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 31 ერთეული სპეციალური და პირადი შემადგებლობის გადაასადგილებელი ავტოტექნიკა, მათ შორის მუხლუხებიანი სახანძრო სპეცტექნიკა “MTLB” (ყველგან მავალი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა), წყალმზიდები და მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანები.