საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უკრაინაში ვიზიტის შემდეგ უკრაინელი კოლეგის, რუსლან სტეფანჩუკის გზავნილების შესახებ მედიასთან ისაუბრა.
უმაღლესი რადის თავმჯდომარესთან განხილული ერთ-ერთი საკითხი საქართველოში რუსეთის პროპაგანდის და დეზინფორმაციის გავრცელების შეზღუდვა იყო.
პაპუაშვილის განცხადებით, „საბედნიეროდ, რუსულ დეზინფორმაციას წაგებული აქვს საინფორმაციო ველი და რისკი და საფრთხე დიდი არ არის, მით უმეტეს, არ ემუქრება უკრაინულ საზოგადოებას“.
პარლამენტის სპიკერის თქმით, საქართველოში გავრცელებული დეზინფორმაცია „ფეხს ვერ იკიდებს“.
პაპუაშვილის თქმით, „გახსნილი მედიასივრცის წყალობითაა, რომ სხვადასხვა ინფორმაციას შორის სიმართლე თავის თავს იმკვიდრებს“.
შეკითხვაზე, რა შეიძლება საქართველოში პრორუსულ არხებს მოუხერხდეს, იმ ფონზე, როცა ასეთი არხები უკრაინაში აკრძალეს, პაპუაშვილი პასუხობს, რომ უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამო არამხოლოდ რუსული არხები აკრძალეს, საინფორმაციო პოლიტიკაც რეგულირებულია, ხოლო საქართველოში გახსნილი მედიასივრცეა.
„ჩვენ გვაქვს გახსნილი მედიასივრცე და რთულია სელექციური მიდგომა და შეზღუდვები, ამიტომ ეს სხვა საკითხია, რეგულაციის საკითხია. მე ზოგადად მომხრე ვარ გარკვეული რეგულაციები იყოს, უბრალოდ აქ უნდა ვნახოთ, სად უნდა იყოს ზღვარი და რა რეგულაცია უნდა იყოს.
გვინდა, არ გვინდა, შევდივართ შინაარსში მედიასაშუალების და ეს ზოგადად გარკვეულ რისკებს შეიცავს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, თუ განიხილება მაუწყებლის რეგულირება, მაშინ უნდა გამკაცრდეს კანონი, რაც ვერ მოერგება მხოლოდ ერთ მედიას.
„ჩვენ რეალურად ხომ ვხედავთ, რომ რუსული დეზინფორმაცია ფეხს ვერ იკიდებს? საინფორმაციო ომი რუსეთს წაგებული აქვს. ამ კუთხით დიდ რისკებს ვერ ვხედავ, გარდა ვთქვათ, შეიძლება, უხერხულობისა თუ სხვა საკითხისა, ზოგადად რომ მაუწყებლობს ესა თუ ის არხი საქართელოს ტერიტორიაზე, პირადად, ჩემი პირადი აღქმაც ასეა და მე მგონია, რომ მკვლევრები თანხმდებიან, რომ რამე გავლენა საქართველოს მოსახლეობის აზრის ჩამოყალიბებაზე მათ დღესდღეობით არ აქვთ, ამიტომ რისკი არ არის იმდენად დიდი, რომ ახლა ვსაუბრობდეთ რეგულაციებზე“, – განაცხადა პარლამენტის სპიკერმა.
დამაზუსტებელ შეკითხვაზე, უნდა შეიზღუდოს თუ არა ზოგადად დეზინფორმაციის პროპაგანდა და ეს არამხოლოდ პრორუსულ, არამედ სხვა მედიებსაც უნდა შეეხოს თუ არა, პაპუაშვილი პასუხობს, რომ არ არსებობს კარგი თუ ცუდი დეზინფორმაცია და არ განისაზღვრება წარმომავლობის მიხედვით.
„ნებისმიერი დეზინფორმაცია არის ცუდი და ჩვენ თუ ვისაუბრებთ იმაზე, რომ არის პრობლემა და გამოწვევა, უნდა ვისაუბროთ მთლიან კონტექსტში, რომ ესაა მთლიანად პრობლემა…თუკი ვსაუბრობთ, რომ უნდა არსებობდეს დეზინფორმაციისთვის ბარიერი, ამ ბარიერმა უნდა იმოქმედოს ნებისმიერი დეზინფორმაციისთვის, რუსული დეზინოფორმაცია ცუდია და ქართული კარგი?“, – განაცხადა პაპუაშვილმა.