რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსულები, ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე სავალდებულო კარანტინს გაივლიან

პუბლიკა

საქართველოს საზღვრის კვეთისას გარკვეული შეზღუდვები დაწესდა როგორც საქართველოს ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, კერძოდ:

• ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებისას საქართველოს მოქალაქე ვალდებულია, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაექვემდებაროს დადგენილი წესით ინტენსიურ შემოწმებას და გაიაროს 14-დღიანი სავალდებულო საკარანტინო პროცედურა. რაც, როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განგვიმარტეს,  სახელმწიფოს მიერ მომზადებულ საკარანტინო სივრცეში ორკვირიან მოთავსებას გულისხმობს.

გადადით ბმულზე, გახდით ჯგუფის წევრი და თვალი ადევნეთ გადამოწმებულ ახალ ამბებს კორონავირუსის შესახებ.

• საქართველოში ჩამომსვლელი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ან მოემგზავრებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების გავლით, ექვემდებარებიან ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულნი არიან გაიარონ 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა; ან საზღვარზევე უნდა წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) შემოწმების PCR ცნობა, რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში – სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ.

გუშინ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ყურადღება გაამახვილა იმ ქვეყნებზე, სადაც ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება და მოსახლეობას გადაუდებელი აუცილებლობის გარდა ამ ქვეყნებში მოგზაურობისგან თავის შკავება ურჩია. ეს ქვეყნებია: ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი და იტალია.

შესწორება: მასალის თავდაპირველ ვერსიაში სათაურში ნათქვამი იყო, რომ: „რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსულები სავალდებულო კარანტინში განთავსდებიან”, რასაც „პუბლიკა” მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებდა. თუმცა, მოგვიანებით, ჯანდაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ კარანტინში განთავსება სავალდებულო იქნება არა რისკის მქონე ქვეყნებიდან ყველა ჩამოსული მგზავრისთვის, არამედ მათთვის, ვისზეც ექიმი მიიჩნევს საჭიროდ;