„ვწუხვართ, რომ ხელი მოეწერა ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონთა პაკეტს. ეს კანონთა პაკეტი ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და რისკის შემცველია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. ის ხელს შეუწყობს ისედაც მოწყვლადი ჯგუფების მიმართ კიდევ უფრო მეტ დისკრიმინაციას და მარგინალიზაციას. შეშფოთებული ვართ, რომ კანონთა პაკეტი მიღებულ იქნა ასეთ მოკლე დროში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადახედოს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონთა პაკეტს, რომელიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან ერთად, ზღუდავს როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, ისე ცალკეულ საქართველოს მოქალაქეების უფლებებს და ეჭვქვეშ აყენებს ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მრავალწლიან ურთიერთობას“, – წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა ჰომოფობიური კანონის ხელმოწერაზე, კანონს დღეს, 3 ოქტომბერს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მოაწერა ხელი. ცენზურის დამწესებელ კანონთა პაკეტი პარლამენტმა 17 სექტემბერს მიიღო – ის ერთი ძირითადი და 18 სხვადასხვა კანონში შეტანილი ცვლილებისგან შედგება.
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ – ასე ჰქვია კანონპროექტს, რომელიც აწესებს ცენზურას, ზღუდავს შეკრების თავისუფლებას და შემოაქვს ჰომოფობიური და ტრანსფობიური ჩანაწერები. რიგ შემთხვევებში ასევე აწესებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც.
გარდა ამისა, „ქართულ ოცნებას“ ასევე ინიციირებული აქვს კონსტიტუციური პროექტი, რომელიც ამ საკითხების კონსტიტუციაში ასახვასაც ითვალისწინებს.
მომავალ არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში „ოცნება“ საკონსტიტუციო პროექტის კენჭისყრასა და მიღებას აპირებს.