განათლების სამინისტროს ინფორმაციით, უწყება შესაძლებლობას აძლევს რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, სკოლის ადმინისტრაციაში განაცხადონ მუშაობის დისტანციურ ფორმატში გაგრძელების თაობაზე.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ასეთ შემთხვევაში სკოლას აქვს შესაძლებლობა, კონკრეტული საგანი გადაიტანოს დისტანციურ ფორმატში, ან პედაგოგი სხვა მასწავლებლით ჩაანაცვლოს.
„მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცესი მასწავლებლის უფლებების გათვალისწინებითა და მასთან შეთანხმებით წარიმართოს“,- ნათვქამია განცხადებაში.
განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ გუშინ განმარტა, რომ სამინისტრომ რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებთან დაკავშირებით ორი მიმართულებით იმუშავა.
„როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობას ვეხებით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც მასწავლებლის, ადმინისტრაციის, ტექნიკური პერსონალის მდგომარეობა, ეს სასწავლო პროცესთან კავშირშია. თუ ფაქტებით დადასტურდა, რომ მასწავლებელი რისკჯგუფშია, რა თქმა უნდა, სკოლამ ამ მიმართულებითაც გარკვეული რეგულაცია უნდა გაატაროს, ან არსებითი საგანი სხვა მასწავლებლით ჩაანაცვლოს. მნიშვნელოვანია, მასწავლებლის უფლებაც არ დაირღვეს და ამ შემთხვევაში შესაძლებელია, კონკრეტული საგნის სწავლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდეს“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.