რისთვის სჭირდებოდა ნარსიას ანკესი და რუსეთის დროშა - „რუსთავი 2“ ჩვენებას ავრცელებს

პუბლიკა

„კურიერი” „საქართველოს ბანკის” ქუთაისის ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულის გრიგოლ ნარსიას ჩვენებას ავრცელებს.

„კურიერის“ ინფორმაციით, ნარსია ჩვენებაში განმარტავს, თუ რატომ ითხოვდა, თანხის გარდა, ვერტმფრენს, ანკესს და რუსეთის დროშას.

„კურიერის“ ცნობით, ჩვენების მიხედვით, თანხის მიღების შემდეგ ნარსია გეგმავდა, ვეტმფრენით ჯერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, შემდეგ კი – რუსეთში გადასვლას. რაც შეეხება დროშასა და ანკესს, ნარსია განმარტავს, რომ სურდა, ანკესის საშუალებით დროშა ვერტმფრენიდან გადმოეფინა.

„კურიერის“ ცნობით, ნარსია ჰყვება, რომ შევიდა ბანკში და თანამშრომლებს თანხა მოსთხოვა, თუმცა თანხის ის რაოდენობა, რაც იმ მომენტისთვის სალაროში იყო, მისტვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ამის შემდეგ მან თანხის მოსატანად ბანკსა და შსს-ს 3 საათიანი ვადა მისცა.

„კურიერის„ ცნობით, ნარსია ადასტურებს, რომ აიყვანა მძევლები და აღიარებს, რომ სპეცრაზმს აყვანის დროს წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა არა რეალური, არამედ მულაჟი იყო, რომელიც თავად დაამზადა და დაამონტაჟა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში „საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1985 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავა.

უწყების ცნობით, შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით 14 პირი მძევლად აიყვანა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა“, – აცხადებს შსს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.