რით განსხვავდება ამერიკული FARA „ოცნების“ FARA-სგან - მშვენიერაძის განმარტება

პუბლიკა

„დემოკრატიის მცველების“ თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე განმარტავს, რით განსხვავდება ამერიკული FARA „ოცნების“ FARA-სგან.

„ქართულმა ოცნებამ“ „ფარას ქართული თარგმანი“ მეორე მოსმენით 18 მარტს მიიღო.

„ივანიშვილის პროპაგანდამ გადაწყვიტა, რომ პირველი საკითხი, რაც ამ პროცესში უნდა მოეგვარებინა, კანონის ფრეიმინგია. ამიტომ, აშშ-დან თარგმნა 1938 წელს მიღებული კანონის ტექსტი, იმ იმედით, რომ აქეთა „ბაბლი“ დაიწყებდა დაცინვას, კანონში შეცდომებია, რა უნდა საქართველოში აშშ-ის ინსტიტუტებს (?) და ა.შ. ეს კი დაეხმარებოდა ივანიშვილის პროპაგანდას ფრეიმინგის დასამკვიდრებლად, რომ ის თითქოს მართლა FARA-ს განიხილავს.
არაიურისტებისთვის რთული გასაგებია, რას ნიშნავს სამართალი საერთო სამართლის (მაგ. აშშ) ქვეყნებში, რადგან სასამართლო პრეცედენტის მნიშვნელობა აბსოლუტურად განსხვავებულია კონტინენტური ევროპის სამართლისგან. იქ სამართალი აერთიანებს კანონის ტექსტსა და სასამართლოს მიერ მისი ინტერპრეტირების პრაქტიკას და ერთიანობაში სწორედ ესაა სამართალი. ამიტომ მხოლოდ ტექსტი თარგმნო ქართულად, სასამართლო პრეცედენტები გამოტოვო და თქვა რომ ეს ამერიკულია – თვალთმაქცობა და მანიპულაციაა ადამიანების დასაბნევად. სწორედ ამ გზას ადგანან ივანიშვილის სწავლული იურისტები.
ამერიკაში მოქმედი FARA არ იღებს სამიზნეში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, და ეს არის ფუნდამენტური განსხვავება იმისგან, რასაც ავტორიტარული რეჟიმები აკეთებენ. FARA (მისი გამოყენების პრაქტიკა) ამბობს, რომ თუ ორგანიზაციას (მიუხედავად ფორმისა) არ აქვს საკუთარი ფასეულობითი მიზნები და უბრალოდ სხვების ინტერესების გატარებისთვის შეიქმნა და ამისთვის იღებს უცხოურ დაფინანსებას, მაშინ ექცევა კანონის მოქმედების ქვეშ.
შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა სახელმწიფოებისგან დამოუკიდებელი მედიები, რომლებიც საკუთარი საწესდებო მიზნების მისაღწევად შრომობენ (თუნდაც დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან მოიპოვებდნენ) ამ კანონის მოქმედების ქვეშ არ ექცევიან და ვერ გაიხსენებთ შემთხვევას, როდესაც ასეთი ორგანიზაცია ვინმემ რეესტრში იძულებით დაარეგისტრირა. ცხადია, რეესტრში შეგხვდებათ რაშა თუდეი, რომელიც მედია არაა და რომლის სარედაქციო პოლიტიკას რუსული სპეცსამსახურები განაგებენ.
ჩვენთან კი, პირდაპირ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ონლაინ მედიების გასაჩუმებლად აქვთ წამოწყებული ახალი სპექტაკლი ქოცებს და ამას არც მალავენ. ავტორიტარებს ყელში ეჩხირებათ აქტიური მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოებაში არსებული პრობლემები საკუთარი ძალისხმევით მოაგვარონ, რადგან აქტიური და ორგანიზებული მოქალაქეები ძირს უთხრიან ტირანებს. და ეს კანონი, არაფერია იმასთან, რაც უკვე დამართეს საქართველოს. არაფერია 49 სინდისის პატიმრის პატიმრობასთან“, – წერს იურისტი.