„რითეილ ასოციაცია“: ყველა კომპანია შეუფერხებლად თანამშრომლობს გამოძიებასთან

პუბლიკა

„რითეილ ასოციაცია“, რომელიც 13 მსხვილ სასურსათო ქსელურ მაღაზიას აერთიანებს, აცხადებს, რომ სუსმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე წევრი კომპანიებისგან გამოითხოვა დოკუმენტაცია, მათ შორის, ხელშეკრულებები, პირველადი საბუღალტრო დოკუმენტები, ფაქტურები და ინვოისები.

ასოციაცია წერს, რომ ყველა წევრი კომპანია სრულად და შეუფერხებლად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოსთან.

„შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი პროცესუალური ჩარჩოების სრული დაცვით.

გამოთხოვილი დოკუმენტაციის მოცულობიდან გამომდინარე, მისი თავმოყრა, დამუშავება და წარდგენა საჭიროებს დამატებით დროს.

შემდგომი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, საზოგადოებას მიეწოდება დამატებითი ოფიციალური განმარტება“, – ნათქვამია განცხადებაში.


სუს-ში „პუბლიკას“ განუმარტეს, რომ:

„სასამართლოს განჩინებით სხვადასხვა კომპანიიდან ხდება დოკუმენტების ამოღება შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით.“

გუშინ, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა.

ადმინისტრაციის ცნობით, კობახიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ „ხელისუფლების პრიორიტეტია, მოქალაქეებზე აისახოს ის სიკეთე, რომელსაც ქვეყანა ეკონომიკური ზრდის შედეგად იღებს“.

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 24 დეკემბერს სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოში ფასები იმაზე მაღალია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში.

კობახიძე ამბობს, რომ ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, „რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს“.

„ოცნების“ პრემიერის თქმით, „პროდუქტზე ფასნამატი და მიმწოდებლისთვის დაკისრებული ფინანსური ტვირთი იმდენად დიდია, რომ ქართველი მწარმოებლებისთვის ხშირად უფრო მომგებიანია, საკუთარი პროდუქცია არა ქართულ მარკეტებში გაყიდონ, არამედ საზღვარგარეთ ექსპორტზე გაიტანონ“.

კობახიძემ თქვა, რომ „ჩნდება ეჭვი, რომ ბაზრის მოთამაშეები კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ“ და სამართალდამცავ უწყებებს საკითხის სიღრმისეული შესწავლისკენ მოუწოდა.