„რიყის დოქები“ „კარტოგრაფების საქმის” მოწმის, დავით ხიდაშელის, ოჯახმა იყიდა

პუბლიკა

„რიყის დოქების“ ინვესტორი ე.წ კარტოგრაფების საქმის მთავარი მოწმე დავით ხიდაშელია. ინფორმაცია „ფორმულას“ თავად ხიდაშელმაც დაუდასტურა.

„ჩემი ოჯახის საკუთრებაშია“, – თქვა ხიდაშელმა „ფორმულასთან“ სატელეფონო კომენტარში.

თბილისის ცენტრში მდებარე ე.წ. „რიყის დოქების“ კომპლექსი მეშვიდედ გამოცხადებულ აუქციონზე გაიყიდა. ობიექტი 10 მილიონ ლარად გაიყიდა. „რიყის დოქები“ ლუქსემბურგში რეგისტრირებულმა ფირმამ, Global Victory Trust-მა შეიძინა.

„ფორმულას“ ინფორმაციით, მისი აქციონერია კომპანია გლობალ ვიქტორი ინვესტმენტი, რომელიც დარეგისტრირებულია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. მას მარიამ ხიდაშელი ფლობს და ხელმძღვანელობს, ხოლო კომპანიის დირექტორატშია დავით ხიდაშელი.


ბიზნესმენი, დავით ხიდაშელი, „დავით გარეჯის“ საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია. როგორც თავად ამბობს, სწორედ მან ჩამოიტანა მოსკოვიდან რუკები, რომელთა გამოუყენებლობასაც საზღვრის დემარკაციის პროცესში ედავებიან ილიჩოვას და მელაშვილს. ხიდაშელმა საქართველოს პროკურატურას რუსეთში მოძიებული რუკები გადასცა.

მისივე თქმით, მან ბიძინა ივანიშვილი 2017 წელს გაიცნო. ამის შესახებ „რუსთავი 2-ის“ ეთერში 2020 წელს ისაუბრა.

„შეხვედრა ვთხოვე ბიძინა ივანიშვილს. მაშინ გავიცანი ის პირველად. მოუყევი, რას ვაკეთებ და რას ვაკეთებდი საზღვარგარეთ და რა გეგმები მქონდა საქართველოსთვის. ამის შემდეგ მე კავშირი არ მქონია. დაბადების დღეს მივულოცავდი, თვითონაც მომილოცავდა. 2019 წლის სექტემბერში დამირეკა, ჩემთვის შოკისმომგვრელი ინფორმაცია მომაწოდა. მაშინ მომიყვა, რომ პრობლემები შეიქმნა დავით გარეჯის მონასტერთან და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით და მთხოვა დახმარება, რომ მომეძია რაღაც რუკა.

რომ ჩავეძიე, რად გინდათ და რაში გჭირდებათ ჩემი დახმარება-მეთქი – მითხრა, დაურეკეთ ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის სამინისტრო გეტყვით და იციან ეს დეტალებიო. პირველი შოკი მაშინ მივიღე, ვინაიდან გამიკვირდა, როგორ შეიძლებოდა, ჩემთვის ეთხოვა – რადგან ვიცოდი, ვინ იყო ბიძინა, რა საშუალებები ჰქონდა, რა თანხებიც ჰქონდა და ეუბნება შვეიცარიაში მცხოვრებ ქართველს, რომ დამეხმარეო. ასეთი რესურსების კაცი რომ მე მთხოვს, რუკა მიშოვე, წარმოვიდგინე, რომ საქმე ძალიან ცუდად იყო.

რომ დავიწყე ჩაძიება, მივხვდი, რომ ფულით ეს საქმე ვერ გადაწყდებოდა. დავურეკე ღარიბაშვილს. მომცა თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფიული სამსახურის ტელეფონი. ისინი შეგხვდებიან და დეტალურად მოგვიყვებიან, რას ვეძებთ და რა გვაინტერესებს. ვინაიდან მე საქართველოში არ ვიმყოფებოდი, ჩემს ამხანაგს ბეჟან მაისურაძეს ვთხოვე, თუ შეიძლება თავდაცვის სამინისტროში მიდი, რომ გაიგო ზუსტად რა უნდათ, საბუთები გამოართვი-მეთქი“, – ამბობს დავით ხიდაშელი.