გუშინ, 4 თებერვალს სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ფარგლებში საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, – ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„შეხვედრაზე განიხილეს, რა რეფორმები შეიძლება განხორციელდეს რკინიგზის შემდგომი კორპორატიზაციის მიმართულებით. საუბარი შეეხო კომპანიაში არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებს, ასევე შეჯამდა გასული წლის შედეგები. აღინიშნა, რომ საქართველოს რკინიგზას აქვს ბევრი რესურსი, რათა მუშაობის ეფექტურობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.
ამ მიზნით, შესაბამისი უწყებები, პრემიერ-მინისტრის დავალებით, რკინიგზის კორპორატიზაციისა და რეფორმირების დღის წესრიგს შეიმუშავებენ”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ რეფორმა ხელს შეუწყობს სახელმწიფო საწარმოების მართვის დაახლოებას კორპორატიული მართვის უმაღლეს სტანდარტებთან.
უწყების განცხადებით, სახელმწიფო საწარმოების რეფორმისა და პრივატიზაციის დაჩქარების გეგმის ფარგლებში მსგავსი ტიპის შეხვედრები ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება. სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირების თვალსაზრისით შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფიც, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ხელმძღვანელობს.