RMG ლუკა სირაძის საქმეზე მსჯავრდებული ჩოლოიანის დასაქმებას ადასტურებს

პუბლიკა

კომპანია RMG Gold ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდებული მარიანა ჩოლოიანის დასაქმებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს.

„პუბლიკას“ კომპანიის წარმომადგენელმა განუცხადა, რომ ჩოლოიანი რამდენიმე კვირის წინ დაცვის სამსახურში დასაქმდა. მან ვაკანსიაზე შეიტანა განაცხადი და ამ გზით შეირჩა.

მარიანა ჩოლოიანის დასაქმებაზე ინფორმაცია დღეს მოძრობა „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ გაავრცელა. ის სოციალურ ქსელში თავის გვერდზე წერს:

„ჩოლოიანი ხომ გახსოვთ? ლუკა სირაძე რომ თვითმკვლელობამდე მიიყვანეს პოლიციაში, მერე ხელი რომ დააფარეს ბევრს, ეს რომ სულ ცოტა ხნით ჩასვეს, ადრე გამოუშვეს. ჰოდა, ახლა რმჯ გოლდშია დასაქმებული, აი იმაში, საყდრისი რომ ააფეთქა. მოძალადეების მთავრობა უნდა წავიდეს”, – აცხადებს ელენე ხოშტარია

ლუკა სირაძე 2019 წლის დეკემბერში, პოლიციის განყოფილებაში „მწვანე სკოლის“ კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო გამოკითხვაზე დაიბარეს. გამოკითხვა, რომელსაც მარიანა ჩოლოიანი წარმართავდა, თუმცა, მასში სხვა პოლიციელებიც მონაწილეობდნენ, ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ ჩატარდა. გამოკითხვის შემდგომ, მან თვითმკვლელობა სცადა და მიღებული დაზიანებების შედეგად 2019 წლის 17 დეკემბერს გარდაიცვალა. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე მარიანა ჩოლოიანის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩვენების მიცემის იძულებისათვის 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 2021 წლის აგვისტოში ჩოლოიანი, ე.წ. უდოთი გათავისუფლდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, იმ პირობებში, როდესაც ლუკა სირაძის საქმეზე ჯერ კიდევ არსებობს არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა და ოჯახი ელოდება საქმის სრულყოფილ, სამართლიან გამოძიებას, მსჯავრდადებული გამომძიებლის გათავისუფლება პროცესების მიმართ უნდობლობას იწვევს.

2021 აგვისტოში გავრცელებულ განცხადებაში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ წერს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება ჩოლოიანისთვის 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთაზე სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული და პარალელურად სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო ნაწილში კვლავ გრძელდება გამოძიება სხვა პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. ასევე, მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც გულისხმობს პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას.

  • RMG-სთან დაკავშირებული პირები „ოცნების” შემწირველთა სიაში

2020 წლის ივნისში ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტმა (IDFI) პოლიტიკური შემოწირულებების შესახებ ანალიზი გამოაქვეყნა.

IDFI-ის ინფორმაციით, 2020 წლის იანვრიდან 3 ივნისის ჩათვლით განხორციელებული შემოწირულებებიდან იკვეთება არაერთი ფიზიკური პირი, რომლებიც, სავარაუდოდ, კავშირში არიან შპს RMG Gold-თან, თუმცა ხშირ შემთხვევაში მათი კომპანიის თანამშრომლებად იდენტიფიცირება თითქმის შეუძლებელია.

ქვემოთ ჩამოთვლილი შემომწირველების კავშირების დასადგენად გამოყენებულია RMG Gold-ის ვებგვერდზე განთავსებული მათივე ბეჭდური გამოცემის მასალები – ონლაინმედიაში გავრცელებული ინფორმაცია, სოციალური ქსელი „Facebook” და საჯაროდ ხელმისაწვდომი სახელმწიფო ონლაინ რესურსები.

მმართველ პარტიას 60,000 ლარი შესწირეს:

– RMG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ;

– წარმოების დირექტორმა, კობა მენაბდიშვილმა;

– კორპორაციულმა დირექტორმა, კახაბერ მჭედლიშვილმა;

ვლადიმერ კახეთელიძემ, რომელიც 2018 წლის ინფორმაციით,უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო;

– ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯონდო შუბითიძემ, რომელიც RMG-სთან დაკავშირებული სხვა კომპანიის მფლობელია;

– ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით ბალანჩივაძემ;

– გარემოს დაცვის საკითხებში დირექტორმა, მიხეილ კვარაცხელიამ;

– RMG-ის რესურსების გეოლოგმა (2017 წლის ინფორმაცია), მალხაზ ნაცვლიშვილმა;

ვრცლად კვლევის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.