რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

პუბლიკა

რობერტა მეცოლა ევროპარლამენტს მეორე ვადით, მომდევნო 2.5 წლით უხელმძღვანელებს.

არჩევნების შემდეგ გამართულ პირველ პლენარულ სხდომაზე ევროპარლამენტის ახალმა შემადგენლობამ რობერტა მეცოლა 562 ხმით პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩია.

კენჭისყრაში მონაწილეობდა 623 დეპუტატი. მეცოლას კონკურენტს, ირენ მონტეროს მხარი 61-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მეცოლას არჩევა მიულოცეს: ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რომელიც ასევე მეორე ვადით უხელმძღვანელებს ევროკომისიას; ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, რომელსაც მიმდინარე წლის ნოემბერში ანტონიო კოშტა შეცვლის; ასევე, საერთაშორისო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა.

მეცოლას თანამდებობაზე არჩევა მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც.

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ევროპული მომავლის მიმართ ქართველი ხალხისა და მათი მტკიცე არჩევანის ერთგულებისა და ევროპარლამენტის ურყევი მხარდაჭერისთვის და ველით შემდგომ თანამშრომლობას”. – დაწერა X-ზე სალომე ზურაბიშვილმა.

მისალოცი პოსტი გამოაქვეყნა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც და დაწერა, რომ „მოუთმენლად ელოდება თანამშრომლობის გაძლიერებას და საერთო მიზნების მიღწევას”.