სპეცრაზმელების მიერ ნაცემი ავთანდილ ტიტვინიძე „ტვ პირველს“ თავისი დაკავებისა და იზოლატორში გადაყვანის შესახებ უყვება, რა დროსაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ავთანდილ ტიტვინიძე 30 ნოემბერს გამთენიისას დააკავეს. ის ამჟამად კლინიკაში იმყოფება.
„უკვე რომ გაგვაცილეს პარლამენტს, მაგ დროს რობოკოპს ალბათ ბეისბოლის თამაში მოუნდა და როგორც ბიტა, ეგრე შემომცხო ცხვირში. მერე მიმიყვანეს უკვე მარშუტკასთან. მანამდე რამდენჯერმე ჩამარტყეს, მაგრამ ეგ აღარ მიგრძნია, ეს ისე მომხვდა. წინდა მომაწოდეს სისხლის მოსაწმენდად, გამდიოდა თქრიალით. ერთი ზარიც ვითხოვე, ექიმიც და ადვოკატიც.
არაფერი შემისრულეს, მითხრეს, რომ ეგ ყველაფერი იქნება წინასწარი დაკავების იზოლატორშიო. იქ რომ მივედით, სამ საათზე, იზოლატორის თანამშრომლები გაშტერებულები მიყურებდნენ, აქ საიდან უნდა დაგარეკინოთო. მოხურეს კარი იზოლატორში და ჩამკეტეს და ძალით გადაგიღებთ ახლა ფოტოსო.
„ახლაო დაგაბამთ ბორკილებით, დაგაგდეთ და ეგრე ეგდები 2 დღეო“. მერე შეხედეს ერთმანეთს და „ახლა ჩვენ რაც ვიცით, ის გავაკეთეთო“ და წამოდი, ექიმის ოთახში. „გაიხადე’, ვითომ უნდა შემშინებოდა. გავიხადე. ჩაჯექიო, ჩავჯექი. ადექიო – ავდექი. ჩაიცვიო, ჩავიცვი და 7 საათი ვიჯექი დაახლოებით სასამართლოს სარდაფში.
გვერდზე პოლიციელები ჩურჩულებენ, რომ მოიცა, ჯერ ავიყვანოთო იქო და მერე გამოვუძახოთ სასწრაფოსო და ამიტანეს იქ და შევედი თუ არა, თავბრუ დამეხვა ისე, რომ ვეღარ დავჯექი ნორმალურად. იქ გამოიძახეს სასწრაფო…“, – ჰყვება ავთანდილ ტიტვინიძე.
არსებული ინფორმაციით, აქციებზე თითქმის სამასამდე ადამიანია დაკავებული – მათი უმეტესობა ამბობს, რომ დაკავებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.