როცა 2%-ს გადაცდება დადებითობის მაჩვენებელი, ვიფიქრებთ მეტად აქტიურ ღონისძიებებზე - გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი ბოლო ორი კვირის განმავლობაში ვირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი 2%-ს გადაცდება, მოუწევთ, იფიქრონ „უფრო აქტიურ შემზღუდავ ღონისძიებებზე“.

„2%-ია ჩვენთვის ის მაჩვენებელი, რომელიც გვაძლევს შეზღუდვების შემსუბუქების საშუალებას, უკვე როდესაც 2%-ს გადასცდა, 1.94 %-ია ბოლო ორი კვირის დადებითობის მაჩვენებელი დღევანდელი მდგომარეობით, უახლოვდება 2%-ს, როცა გადასცდება, 5% ვერ დაველოდებით, რადგან ეს უკვე საგანგაშო მაჩვენებელია, მაგრამ 2%-ს როცა გადასცდება ეს მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, მოგვიწევს ვიფიქროთ უფრო მეტად აქტიურ ღონისძიებებზე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი განმარტებით, არსებული შეზღუდვების გამკაცრების აუცილებლობა დღეს არ დგას, მაგრამ, თუკი გაუარესდება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, მაშინ ქვეყანა დაუბრუნდება მობილობის შეზღუდვის აქამდე გამოყენებულ ზომებს. ამ ეტაპზე კი მნიშვნელოვანია არსებული შეზღუდვების აღსრულება და მისი მონიტორინგი.

„ეპიდემიის გავრცელების სურათი დღეს არის ერთმნიშვნელოვანი. ეს არის კლასტერული გავრცელება, თუ საქმე გვაქვს დაუდგენელ კლასტერსა და ინდივიდუალურ გავრცელებასთან, აქ აშკარად იკვეთება უკვე ეპიდემიური სურათის გაუარესების ნიშნები, გამომდინარე აქედან, ჩვენ 2-კვირიანი ინტერვალით, როგორც ვაკვირდებით, ახლა უკვე ეპიდემიის სურათი მიდის იქეთ, რომ დადებითობის მაჩვენებელმა მოიმატა.

ამ კვირის განმავლობაში და მომდევნო კვირა, მაქსიმალურად შევეცდებით, რომ მიღებული ზომები რაც არის, დამატებითი შეზღუდვების გარეშე აღსრულდეს. შემდეგ უკვე, ბუნებრივია, მოგვიწევს, ეპიდემიური სურათიდან გამომდინარე, თუ რამდენად საჭიროა ადგილობრივ დონეზე გარკვეული შეზღუდვები. თუნდაც ლოკალიზაციის მიზნით, რომელიმე დასახლებულ პუნქტში მოხდეს გარკვეული ლოკალური შეზღუდვა მობილობის შეზღუდვის სახით. აქ მარტივად მგზავრობის შეზღუდვაზე მაქვს საუბარი,  მაგრამ, ჯერჯერობით, მკაფიო ცხელი წერტილები, გარდა ერთეული კერებისა, სადაც აქტიური ტესტირება მიმდინარეობს, ამ დროისთვის ცნობილი არ არის“, – განაცხადა გაბუნიამ.