როცა ადამიანის სიცოცხლე რისკის ქვეშაა, აღარაა საჭირო რამე დებატი - დეგნანი

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი შეშფოთებულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით.

ის აცხადებს, რომ როდესაც ადამიანის სიცოცხლე რისკის ქვეშაა, არანაირი დებატის დრო აღარაა.

ელჩი ნდობას უცხადებს სახალხო დამცველსა და მედიკოსთა ჯგუფს, ეყრდნობა მათ შეფასებას სააკაშვილის მდგომარეობაზე და აცხადებს, რომ ვაშინგტონიც ყურადღებით აკვირდება ამ პროცესს.

„ჩვენ ძალიან გვაღელვებს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა. როდესაც ადამიანის სიცოცხლის საფრთხის ქვეშ არის, ამ შემთხვევაში აღარ არის საჭირო რაიმე სახის დისკუსია ან დებატი.

მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მიიღოს ყველა სათანადო მკურნალობა და ზრუნვა. ჩვენ ვენდობით სახალხო დამცველის მიერ ორგანიზებულ მედიკოსთა ჯგუფს, მათი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა არის კრიტიკული. მას ესაჭიროება მრავალპროფილური სამედიცინო მომსახურება, რათა ის რაც მოხდა, აღარ განმეორდეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოსწორდეს.

შესაბამისად, მან უნდა მიიღოს შესაბამისი მკურნალობა შესაბამის დაწესებულებაში. მოგეხსენებათ, ამ საკითხის მიმართ არის ძალიან დიდი ინტერესი და ყურადღება როგორც ჩვენი საელჩოს მხრიდან, ასევე ვაშინგტონში, ასევე საქართველოს მეგობრები, საქართველოში ყოფილი ელჩი იან კელიც ამაზე საუბრობს, რომ მას უნდა მიეცეს მკურნალობის საშუალება და უნდა შესრულდეს ის რეკომენდაციები, რაც მაგის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გაიცა. გაუგებარია, რატომ არ ხდება ამ ზომების მიღება“, – განაცხადა ელჩმა დეგნანმა.

ამასთან, კელი დეგნანი აცხადებს, რომ აღელვებთ ელენე ხოშტარიას მდგომარეობაც.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან და ასევე ყველა მოშიმშილომ იზრუნოს თავის ჯანმრთელობაზე, უარი არ თქვან წამლების მიღებაზე და ზრუნვაზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

გვესმის, რომ ყველაფერს, რასაც ისინი აკეთებენ, განპირობებულია თავიანთი რწმენებით, თუმცა, უარი არ უნდა თქვან სამედიცინო მომსახურებაზე.

ჩვენ კი ჩვენი მხრიდან, როგორც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი, გეტყვით, რომ ვაკეთებთ ყველაფერს, იმისთვის, რომ ეს პრობლემები და საკითხები მალე გადაიჭრას. შეიძლება, ჩვენი საქმიანობის დიდი ნაწილი არ ჩანდეს საზოგადოებისთვის და არ იყოს ცნობილი, თუმცა, ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ ეს საკითხები გადავჭრათ“, – განაცხადა დეგნანმა.

აშშ-ის ელჩი აცხადებს, რომ ნინო ლომჯარია და ომბუდსმენის კაბინეტი კრიტიკას კი არა, ქებას იმსახურებს.

„ნებისმიერი თავდასხმა ან თავდასხმის მცდელობა სახალხო დამცველის ოფისზე მიუღლებია. სახალხო დამცველი და მისი გუნდი ასრულებს იმ საქმიანობას, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით და ეს გულისხმობს ნებისმიერი ადამიანი უფლებების დაცვას და სახალხო დამცველი ამას აკეთებს მაღალპროფესიონალურად, და მიუკერძოებლად. ზოგადად არსებობს სწორი ინფორმაციის ნაკლებობის პრობლემა საზოგადოებაში, რასაც ავსებს საზოგადოებრივი დამცველი და მისი გუნდი.

ისინი ნამდვილად შთამბეჭდავ საქმიანობას ეწევიან და შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ნდობა მათი მოხსენებების, ანგარიშების თუ დასკვნების მიმართ. ეს არის ის ინფორმაცია, რასაც შეგვიძლია ვენდოთ. შესაბამისად, ამ ოფისის საქმიანობა კრიტიკის ნაცვლად ქებას და მხარდაჭერას იმსახურებს“ – ამბობს აშშ-ის ელჩი.