როცა ადვოკატმა გვთხოვა, იმ დროის მონაცემებით ვერ დავწერდით, რომ სააკაშვილი მძიმე ავადმყოფია - ექსპერტი

პუბლიკა

სამედიცინო ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს, შალვა ხაჭაპურიძეს პრესკონფერენციაზე უპასუხა.

სამედიცინო ექსპერტმა ხაჭაპურიძის განცხადებით გაკვირვება გამოხატა და თქვა, რომ იმ პერიოდში როცა შალვა ხაჭაპურიძე მას მიხეილ სააკაშვილის საქმეში ჩართვას სთხოვდა, იმ დროისთვის არსებული მონაცემებით ვერ დაწერდნენ, რომ სააკაშვილი მძიმე ავადმყოფია.

„სანამ ბატონი შალვა ოფიციალურად ჩაერთვებოდა, ჩემთან იყო მოსული, მითხრა, რომ აპირებდა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატობას. ყოყმანობდა, არ იცოდა მიიღებდა თუ არა ამ მოწვევას […] შემდეგ გავიგეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი გახდა.

ჩემთან კომუნიკაცია ჰქონდა მანამდეც და ადვოკატად გახდომის შემდეგაც. მაძლევდა გარკვეულ ზეპირ ინფორმაციას თუ საბუთებს, არ მახსოვს, დიდი ხნის ამბავია, რამდენიმე თვის წინ ხდება ეს ყველაფერი და არა იმ მდგომარეობით, რა მდგომარეობაშიც დღეს არის ბატონი სააკაშვილი.. და იმ ინფორმაციით, რასაც ის მაძლევდა, არ მაძლევდა შესაძლებლობას გავყოლოდი ადვოკატის სტრატეგიას, რათა დაწერილიყო, რომ სააკაშვილი არის მძიმე ავადმყოფი.

იმ მონაცემებით, იმ დროის პერიოდში, მე ხაზს ვუსვამ რა ინფორმაციაც მე მაშინ მქონდა და ზოგადად რა დაავადებებზეც იყო ზოგადი ინფორმაცია, შალვამ ჩემი მხრიდან იცოდა, რომ აქ მე როგორც მძიმე ავადმყოფს, მე მხარს ვერ დავუჭერდი და ამ მიმართულებით ექსპერტიზაზე უარი ვუთხარი იმ პერიოდში“, – განაცხადა ექსპერტმა.

ალექსანდრე გეჯაძის მტკიცებით, შალვა ხაჭაპურიძეს საქმეში მისი ჩართვის მცდელობა შემდეგაც ჰქონდა, რის შემდეგაც მან კლინიკურ წარმომადგენლებთან კონსულტაციები გაიარა და გადაწყვიტა, რომ ადვოკატისთვის სასურველ დასკვნას ვერ მოამზადებდნენ.

„გავიარე კლინიკური კონსულტაციები სპეციალისტებთან და მათი ერთობლივი პოზიციაც იყო, რომ იმ  მონაცემებით, იმ დროის სიტუაციით, ექსპერტიზის ჩატარების შემთხვევაში, ჩვენ ვერ მივცემდით ბატონ შალვას მისთვის პოზიტიურ პასუხს, ანუ ვერ დავწერდით, რომ ის არის მძიმე ავადმყოფი.

პარალელურ რეჟიმში „ემპათია“ აწარმოებდა ექსპერტიზას. ვადები ჩემში კითხვის ნიშნებს იწვევს, ყველა კვლევა უნდა დასრულდეს 2 კვირაში, 20 დღეში. თუკი ეს ასე არ ხდება, მაშინ დამკვეთს უნდა განემარტოს, რომ ექსპერტიზას ვერ ატარებს და სჭირდება დამატებითი კვლევები და ამის შემდეგ უნდა ჩატარდეს დამატებითი ექსპერტიზა. 45 წლის სტაჟის მქონე ექსპერტი ვარ და თვეების განმავლობაში ექსპერტიზის პროცესი მე არ გამიგია.

ბატონ შალვას კომუნიკაცია ჰქონდა „ემპათიასთან“. ის მე ხშირად აზრს მეკითხებოდა ექსპერტიზაზე. „ემპათიის“ მუშაობა ჩვენი სამართლებრივი სივრციდან აცდენილია, ვინაიდან სასამართლო ექსპერტიზები აღარ იწერება სტამბოლის პროტოკოლის ფორმატში, ეს კარგად იცის ბატონმა შალვამ და შეწუხებული იყო ამის გამო. აქედან გამომდინარე, მთხოვა, რომ მენახა „ემპათიის“ დასკვნა, რამდენად იყო დალაგებული ეს დაკსვნა სტილისტურად და სამართლებრივად.

ველოდებოდი, არაოფიციალურად ბატონი შალვა ამ დაკსვნას მაჩვენებდა. გამიკვირდა, რომ ის შემდეგ ჩემთან აღარ მოსულა. ბოლოს როცა ვესაუბრე, მკითხა, ვალდებულება ჰქონდა თუ არა, რომ „ემპათიის“ დასკვნა გადასცეს „ვივამედს“, რაზეც მას ვუთხარი, რომ სამართლებრივი ვალდებულება არ ჰქონდა. ასე დასრულდა ჩვენი კომუნიკაცია.

შევაჯამებ, მას უარი ვუთხარით იმიტომ, რომ იმ მონაცემებით, რა მონაცემებიც მაშინ გვქონდა ხელს, ეს მონაცემები არ იძლეოდა საშუალებას, რომ ცენტრ „ვექტორს“ დაესკვნა, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმე ავადმყოფია“, – განაცხადა მან.

ალექსანდრე გეჯაძემ ლექსო ლაშქარავას დასკვნასთან დაკავშირებითაც განმარტა:

„მე შემიძლია ცალსახად მოგახსენოთ, რომ ოპერატორთან მიმართებაში, კვლევის პროცესში, პროზექტურაში ჩემ გვერდით საიას წარმომადგენელი იყო, როემლიც ესწრებოდა პროცესს, იღებდნენ ვიდეოს. პარალელურად, საიას წარმომადგენლებს შეკითხვებზე ვაძლევდი პასუხს, მას არანაირი კითხვის ნიშანი არ ჰქონია… დღემდე დასკვნის იგნორირების, შეცდომების, არაობიექტურობის თაობაზე განცხადება არც საიას და არც სხვა ორგანიზაციას არ გაუკეთებია. წარმოიდგინეთ, მანდ რომ ყოფილიყო არაობიექტურობა, საიას წარმომადგენელს არ გაუჭირდებოდა ამის აღნიშვნა“, – თქვა მან.

გეჯაძის თქმით, თუ ხაჭაპურიძეს რამე ჩანაწერი აქვს, მისთვის პრობლემა არ არის, თუ მას გამოაქვეყნებს.

სამედიცინო ექსპერტის განცხადებით, იმისთვის, რომ სასამართლომ საერთო ექსპერტიზაზე პროკურატურის შუამდგომლობა არ დაეკმაყოფილებინა, ადვოკატმა არაკეთილსინდისიერი მეთოდები გამოყენა, როცა „ვექტორის“, „ემპათიის“ და მაია ნიკოლეიშვილის ბიუროების იმიჯის დაზიანება სცადა.


შალვა ხაჭაპურიძის განცხადების მიხედვით, მას მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზაში ალექსანდრე გეჯაძის ჩართვა სურდა, ექსპერტისგან კი უარი მიიღო.

ხაჭაპურიძის თქმით, გეჯაძემ განუცხადა, რომ თუ მას შსს დაურეკავდა, დადებდა იმ დასკვნას, „რაზეც დაურეკავდნენ“ . ხაჭაპურიძის მონაყოლის მიხედვით, ამავე საუბარში გეჯაძემ ხაჭაპურიძეს უთხრა, რომ „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე დადო დასკვნა, რომელიც შსს-ს აწყობდა.