„როცა ანგრევენ ქვეყანას და გეუბნებიან, ჩვენ მხარეს გადმოდიო, შეურაცხყოფაა“ | 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე გდდ-ს თანამშრომელი დაიკითხა

პუბლიკა

„4 ოქტომბრის“ 15-პირიან პროცესზე დაზარალებულის სტატუსის მქონე სპეცრაზმელი იოსებ როსტიაშვილი დაიკითხა.

მან გაიხსენა, რომ 4 ოქტომბერს იმყოფებოდა ათონელის სასახლესთან, სადაც სამ ეპიზოდში მიიღო დაზიანება.

მისი თქმით, 4 ოქტომბერს თავდაპირველად იმყოფებოდნენ ბაზაზე, მიიღეს ბრძანება, რომ გადასულიყვნენ ათონელის სასახლესთან. მივიდნენ მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტობუსიდანვე ხედავდნენ, რომ აქციის მონაწილეები ძალადობაზე იყვნენ გადასულები, ხედავდნენ პოლიციის თანამშრომლებს, რომლებზეც მიდიოდა უკვე ფიზიკური ძალადობა.

„ჩამოვქვეითდით ავტობუსიდან, განვლაგდით მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე და დავიწყეთ გადაადგილება ათონელის სასახლისკენ. ამ დროს აქციის მონაწილეების მხრიდან გვესმოდა გინება, შეურაცხმყოფელი სიტყვები, გვესროდნენ სხვადასხვა ნივთს, აფუჭებდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე ინვენტარს.

როდესაც შევედით ათონელის ქუჩაზე, დაახლოებით ნახევარი საათის მანძილზე მოწოდებები მესმოდა, რომ დაშლილიყვნენ. ამის მიუხედავად აგრძელებდნენ ჩვენ მიმართ საგნებისა და ნივთების სროლას…

უმეტესად ქვებს ისროდნენ, სხვადასხვა საგნებს, ჩვენი მიმართულებით. მეც პირველად მანდ მომხვდა ე.წ. [ფილა] თავის არეში. დაზიანება მიიღეს ჩემმა თანამშრომლებმაც. გატყდა ჩაფხუტი… და ამ დროს უკვე ჩემი თანამშრომლები დაზიანებულები იყვნენ, სასწრაფოს მანქანაში გადაგვყავდა“, – გაიხსენა სპეცრაზმელმა.

მისი თქმით, 4 ოქტომბერს სულ სამჯერ მოხვდა გარკვეული საგანი, მათგან ბოლოს – ქვა ფხოვის ქუჩაზე გადასვლისას, რის შემდეგაც ვეღარ შეძლო მოვალეობის გაგრძელება.

„მომხვდა დიდი ზომის ქვა, განვიცადე ძლიერი ტკივილი თავის არეში, ჩავაყენე მეთაური საქმის კურსში, რადგან აღარ შემეძლო ჩემი მოვალეობის გაგრძელება. ვიგრძენი გულისრევის შეგრძნება, სისუსტე ვიგრძენი“, – აღნიშნა როსტიაშვილმა.

პროკურორის შეკითხვის პასუხად მან დააზუსტა, რომ სულ სამჯერ მოხვდა გარკვეული საგანი. „მესამეც ქვა იყო, მაგრამ ფილა არ იყო, უფრო მომრგვალებული საგანი იყო“, – აღნიშნა მან. მისი თქმით, შემდგომ ის გადაიყვანეს კლინიკაში.

მასთან შეკითხვები ჰქონდათ ასევე ბრალდებულების ადვოკატებს:

– ადვოკატ გიორგი ჩხეიძე: სამივე შემთხვევაში, როდესაც განმარტეთ რომ სამჯერ მოგხვდათ საგანი, არცერთ შემთხვევაში არ იცით, ვინ მოგაყენათ დაზიანება?
– მოწმე: კონკრეტულად სახეზე არავინ არ ვიცი, ვინ მესროლა ქვა.
– ადვოკატი მარიამ ჩხეიძე: დავით სტურუას ადვოკატი ვარ, ამ ადამიანის მიმართ პრეტენზია გაქვთ?
– მოწმე: მე კონკრეტული ადამიანის მიმართ პრეტენზია არ მაქვს.
– ადვოკატი: ისგან დაზიანება არ მიგიღიათ? ამას ადასტურებთ?
– მოწმე: არც ვადასტურებ და არც უარვყოფ. იმიტომ, რომ არ დამინახავს-მეთქი. არ დამინახავს ეს ადამიანი.

იოსებ როსტიაშვილმა ასევე გაიხსენა, რომ ბოლო ეპიზოდში, მას შემდეგ რაც აქციის მონაწილეები გადავიდნენ ფხოვის ქუჩაზე, მათმა აგრესიამ იმატა. შეკითხვაზე – რაში გამოიხატებოდა ეს აგრესია, – როსტიაშვილმა განაცხადა, რომ მოქალაქეები მათ ეუბნებოდნენ – „გადმოდით ჩვენს მხარეს“ და აყენებდნენ შეურაცხყოფას, კონკრეტულად კი ეძახდნენ „რუსის მონებს“.

„ფხოვის ქუჩაზე დავდექით, გადავკეტეთ ეს გზა. რის შემდეგაც უფრო მეტი აგრესია წამოვიდა აქციის მონაწილეებისგან. გვეუბნებოდნენ – გადმოდით ჩვენს მხარესო“ – თქვა როსტიაშვილმა.

ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ როსტიაშვილს სთხოვა განემარტა, ფრაზა „გადმოდით ჩვენს მხარეს“ იყო თუ არა მისთვის შეურაცხყოფა?

მოწმე სპეცრაზმელის პასუხი იყო – როცა მოქალაქეები „საკუთარ ქვეყანას ანგრევენ“, მათ მხარეს გადასვლის მოწოდება შეურაცხმყოფელია:

„როდესაც ადამიანები ანგრევენ თავის საკუთარ ქვეყანას და ქალაქს და გეუბნებიან, ჩვენს მხარეზე გადმოდიო, ეს ნამდვილად არის შეურაცხყოფა“.

ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე: – ბატონო იოსებ, ავიღოთ ასეთი მოცემულობა, მე არაფერს ვანგრევ, პირადად მე არავის არაფერს ვესვრი და გეუბნებით მხოლოდ ამ სიტყვებს. ამ კონტექსტში ეს სიტყვები არის შეურაცხყოფა?

მოწმე: – თავიდან რომ დავიწყოთ, ჩვენ მოვუწოდეთ აქციის მონაწილეებს, მათ შორის, აქციის მშვიდობიან მონაწილეებს, რომ დაშლილიყვნენ და გარიდებოდნენ იმ ადგილს. რადგან თქვენ ისევ იქ ხართ, მშვიდობიანი აღარ ხართ.

ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე: – გასაგებია. მე მოქმედებას არ ვასრულებ, არანაირ ქმედითს და მაინც ვითვლები, თქვენი აზრით, კანონდამრღვევად? – თუმცა ეს შეკითხვა პროკურორის მოთხოვნით მოსამართლემ განარიდა.

ლაშა ცუცქირიძემ ასევე სთხოვა როსტიაშვილს დაეზუსტებინა, იქ შეკრებილ მოქალაქეებს შორის, დაინახა თუ არა ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ძალადობრივად არ მოქმედებდნენ. რაზეც სპეცრაზმელმა ვერ უპასუხა.

ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე: – ბატონო იოსებ, მაშინ ეს მითხარით. პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე და მომდევნო ეტაპზე – ფხოვის ქუჩაზე, დაახლოებით, რამდენი ადამიანი იყო შეგიძლიათ თქვათ? 10-ზე მეტი, 100-ზე მეტი? ზოგადად გეკითხებით.

მოწმე: – კონკრეტულად ვერ ვიტყვი.

ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე: – ყველა მოქმედებდა ძალადობრივად? იყვნენ ადამიანები, ვინც ქმედითად რაიმე ძალადობრივ ქმედებებს არ ასრულებდნენ?

მოწმე: – ალბათ იყვნენ. უმეტესობა, მე ვისაც ვხედავდი, ნივთებს ისროდნენ.

ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე: – იყვნენ ისეთებიც, ვინც არ ისროდა?

მოწმე: – არ ვიცი, არ დამინახია.

ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე: – თუმცა, დაინახეთ ისინი, ვინც ისროდა და ამ დროს თვალები დახუჭეთ?!

ერთ-ერთი ეპიზოდის მოყოლისას, როსტიაშვილმა გაიხსენა თანამშრომლებიც, რომლებიც „თანამებრძოლებად“ მოიხსენია.

ამ განცხადების საპასუხოდ, ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ იოსებ როსტიაშვილს ჰკითხა, რას გულისხმობდა კონკრეტულად და ებრძოდა თუ არა ვინმეს იმ დღეს.

ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე: – ბატონო იოსებ, თქვენი კონკრეტული სიტყვიდან გამომდინარე გისვამთ ამ კითხვას, ვინმეს ებრძოდით ათონელზე?

მოწმე: – არავის არ ვებრძოდი. მე წესრიგს აღვადგენდი.

ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე: – იმ პირებს, ვინც თქვენ გვერდით იდგა, თქვენი თანამშრომლები, თანამებრძოლები უწოდეთ. ხომ ასეა?

მოწმე: – კი ბატონო.