როცა არ დაემორჩილა, პროპორციული ძალის გამოყენებით გადაიყვანეს - ბრეგაძე სააკაშვილზე

პუბლიკა

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის თქმით, დღეს მიხეილ სააკაშვილზე გავრცელებულ კადრებში არ ჩანს რიამე უკანონობა და მისდამი დამამცირებელი მოპყრობა. ბრეგაძის თქმით, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა პროპორციული ძალა გამოიყენეს, რადგან სააკაშვილი, მისი თქმით, კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა.

„როდესაც პატიმარი არ ემორჩილება თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას, რაიმე უკანონოზე არ არის საუბარი, გავრცელდა ასევე ის კადრებიც, როდესაც მას რეანომობილში, დაახლოებით, 15 წუთის განმავლობაში ესაუბრებოდნენ თანამშრომლები თქვენობით, მოუწოდებდნენ, რომ გადმოსულიყო, ეუბნებოდნენ, რომ მისი ჯანმრთელობისთვის კეთდებოდა და აქედან მხოლოდ შეურაცხმყოფელი სიტყვების კორიანტელი მიდიოდა თანამშრომლებზე.

ეს არ არის მარტივი გასაძლები, როდესაც აბსოლუტურად დაუმსახურებლად იღებ ასეთ შეურაცხყოფას ადამიანი, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის დღე და ღამეს ასწორებს და ათენებს.

ბუნებრივია, ამის უფლებას ჩვენ ვერავის მივცემთ, ვერცერთ პატიმარს და ვერცერთ ადამიანს, რომ ჩვენს თანამშრომელს ვინმე უსამართლოდ შეეხოს და არ შეასრულოს მისი კანონიერი მოთხოვნა, რომელიც აბსოლუტურად კანონიერია. კიბატონო, შემდგომში, როდესაც ის არ დაემორჩილა, სრულიად პროპორციული ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.

თუ ვინმეს აქვს კითხვები, იყო თუ არა ეს ძალა პროპორციული, მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიებას აწარმოებს როგორც იუსტიციის სამინისტროს გენინსპექცია, ისე სახელმწიფო ინსპექტორი და სამართლებრივ შედეგებზე უნდა ილაპარაკოს გამოძიებამ.

თუმცა, ჩემი პოზიციაა, რომ ეს იყო აბსოლუტურად კანონის ფარგლებში მოქმედი ძალა, კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ ჩვენი თანამშრომლები და ეს იხილა საზოგადოებამაც.

ეკიდათ ხელები ფეხებზე, ხელებზე და ცდილობდნენ ეს ადამიანი დაზიანების გარეშე გადაეყვანათ, აბა მაშინ სხვაგვარად როგორ უნდა გადაეყვანათ?“ -განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.