საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია ენდრიუ პულრანგის თვალსაზრისის ქართულ თარგმანს აქვეყნებს, სადაც საუბარია, რა უნდა ვიცოდეთ კორონავირუსისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესახებ.
ქვემოთ ჩამოთვლილია 5 პუნქტი, რომლებშიც გასათვალისწინებელია, როგორ მოქმედებს კორონავირუსი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე:
1. ეპიდემიის დროს, ზოგიერთი განმარტების მიხედვით, სერიოზული რისკის ქვეშ მყოფებად მიიჩნევიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები.
მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანს შეზღუდული შესაძლებლობები აქვს, თავისთავად არ გულისხმობს იმას, რომ კორონავირუსის აფეთქების შემთხვევაში უფრო მაღალი რისკის ქვეშ არის. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბევრ პირს აქვს სპეციფიკური მდგომარეობა ან ქრონიკული დაავადება, რაც მათ ჯანმრთელობას მეტ საფრთხეს უქმნის.
სამწუხაროდ, ყოველი განცხადება კორონავირუსის შესახებ, სადაც მოსახლეობას „ამშვიდებენ“, რომ ეს ვირუსი სახიფათოა მხოლოდ მოხუცებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აღელვებისა და შფოთვის მიზეზი ხდება. საშინელებაა იმის მოსმენა, როდესაც ადამიანები ერთმანეთს არწმუნებენ, რომ კორონავირუსი არც ისე საშიშია და ის მხოლოდ „მაღალი რისკის“ ქვეშ მყოფ ადამიანებს დააზარალებს. გახსოვდეთ, როცა ჩვენზე ლაპარაკობთ და ამით ერთმანეთს ამშვიდებთ, ეს ჩვენც გვესმის.
ეს ყველაფერი კიდევ უფრო აძლიერებს სტიგმას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ. აზიელმა ხალხმა უკვე საკუთარ თავზე გამოსცადა დისკრიმინაცია, რომელიც სხვადასხვა ცრურწმენას ეფუძნებოდა. გაჩნდა ბუნდოვანი, გაუგებარი მოსაზრებები COVID-19-ის და ჩინეთის ურთიერთკავშირის შესახებ. ყველას უნდა შეეძლოს შიშზე დაფუძნებული იმპულსების მართვა, რომ ამით იზოლაციაში არ მოაქციოს ისეთი ადამიანები, რომლებსაც აქვთ, მაგალითად, ქრონიკული ხველა ან სუნთქვის სიძნელეები, რაც მათთვის წლების განმავლობაში ჩვეულ მდგომარეობად იქცა და ამის გამო მათი დადანაშაულება, რომ კორონავირუსის გავრცელებას უწყობენ ხელს, არასწორია.
იფიქრეთ იმაზე, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები შესაძლოა, მეტად შფოთავდნენ კორონავირუსთან დაკავშირებით. შფოთვა კი, თავის მხრივ, რისკს ზრდის.
2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის შესაძლოა, უფრო რთული იყოს იმ ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც მათ კორონავირუსის აფეთქებისგან დაიცავს. აუცილებელია, მივყვეთ ექსპერტების რჩევებს, რამდენადაც შესაძლებელია. მაგრამ შეზღუდული შესაძლებლობებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე ბევრ პირს წარსულში შეხება ჰქონია სამედიცინო ბიუროკრატიასთან. მიღებული ნეგატიური გამოცდილებიდან გამომდინარე, სკეპტიკურად ვუყურებთ იმ მოსაზრებას, რომ შევძლებთ წარმატებით შევასრულოთ ყველა ის რეკომენდაცია და რჩევა, რომლებიც ამ პერიოდში გაიცემა.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ზოგიერთი ადამიანი ვერ იზოლირდება ისე, როგორც ამას აკეთებენ სხვები, რადგან მათ ესაჭიროებათ სხვა ადამიანების რეგულარული დახმარება, რომ ყოველდღიურად თავის მოვლა შეძლონ. გარდა ამისა, სირთულეს წარმოადგენს პროდუქტების შეძენა, ასევე ტრანსპორტით დამოუკიდებლად გადაადგილება.
ზოგიერთი ჩვენგანისთვის სახლის დალაგება და ხელების რეგულარული დაბანაც კი შეიძლება სირთულეს წარმოადგენდეს ფიზიკური ან სხვა გარემოებების გამო. ქრონიკული დაავადებების მქონე ზოგიერთ ადამიანს ისიც კი აღელვებს, რამდენად შეძლებს იმ წამლების მომარაგებას, რომლებზეც გაცემულია რეკომენდაციები.
მედიკამენტების სახეობებიდან და დაზღვევის ტიპიდან გამომდინარე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის წამლების მარაგების შევსება არაკრიზისულ პერიოდშიც კი შეიძლება სირთულეს წარმოადგენდეს.
თვალსაზრისის სრულ თარგმანს გაეცანით ბმულზე.