„რაც შეეხება კონკრეტულად ელჩის მხრიდან გამოხმაურებას, მეც გამიკვირდა, რადგანაც იცით თქვენ, რომ ჩვეულებრივი კოლეგიალურობიდან გამომდინარე, ელჩის პოზიციიდან გამომდინარე, როცა ელჩი აკეთებს რაიმე განცხადებას, მით უმეტეს ასეთ უაღრესად მგრძნობიარე თემაზე, მას უნდა დაერეკა, ეკითხა ჩვენთვის, რა მდგომარეობაა, რასთან გვაქვს საქმე?! ასეთi ზარი არ ყოფილა”, – ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დანიაში საქართველოს ელჩის, გიგი გიგიაძის facebook-პოსტს, რიმელშიც ის ივერი მელაშვილს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
„ჩემთვისაც სიურპრიზი იყო. მან ეს განცხადება, თუ არ ვცდები, ფეისბუქპოსტის სახით გამოაქვეყნა და მისი ერთგვარი ემოციური დამოკიდებულება იყო კოლეგის მიმართ.
არ მქონია მასთან კომუნიკაცია, სამწუხაროდ. რა თქმა უნდა, გვექნება და მას აუცილებლად მიეწოდება ყველა ინფორმაცია, გამოძიების პროცესში, რაც კი საზოგადოებისთვის ცნობილია. ყველა ეს ინფორმაცია მისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება…
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ყველა ძალიან ვწუხვართ, პირველ რიგში მე ვწუხვარ ამაზე, ამ უწყების ხელმძღვანელი, რომელსაც 28-წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს ამ სტრუქტურაში და ვფიქრობ, გამოძიება ყველა კითხვას გასცემს შესაბამის პასუხს“, – განაცხადა ზალკალიანმა.
პროკურატურამ დავით გარეჯის საკითხზე კომისიის ორი წევრი – ნატალია ილიჩოვა და ივერ მელაშვილი საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებების ბრალდებით დღეს დააკავა.
პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.
„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ივერი მელაშვილს, რომელსაც პირადად ვიცნობ 1997 წლიდან და მიმაჩნია, რომ ის არის საკუთარი ქვეყნის, საქართველოს გამორჩეული პატრიოტი“, – წერს გიგი გიგიაძე facebook-ზე.