როცა კარვებს ავიღებთ, გვინდა, აქცია ჩავატაროთ და ერთად აღვნიშნოთ ეს გამარჯვება - გოლეთიანი

პუბლიკა

„ჩვენს რეალობაში ჯერ მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა, სახალხო ერთობას და სახალხო გაერთიანებას მსგავსი შედეგისთვის მიეღწიოს”, – მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ლიდერი ვარლამ გოლეთიანი „ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეებს კომპანია „ენკასთან“ ხელშეკრულების ოფიციალურად გაწყვეტას ულოცავს.

facebook-ჩართვაზე ის მოძრაობის სამომავლო გეგმებზე საუბრობს, რომელიც უახლოეს და გრძელვადიან გეგმებად შეიძლება, დაიყოს.

მისივე თქმით, გუმათჰესთან რამდენიმე დღეში აიღებენ კარვებს და გეგმავენ აქციის გამართვასაც, რათა გამარჯვება ყველა მხარდამჭერთან ერთად აღნიშნონ.

„გვაქვს გარკვეული გეგმები, როცა ავიღებთ ამ კარვებს, გვინდა, აქცია ჩავატაროთ. დავთქვამთ თარიღს. გვინდა, ყველა ის ადამიანი, ვინც ოდესმე გულით იყო ჩართული ამ პროცესში, მოვიდეს ჩვენთან, ერთად აღვნიშნოთ ეს გამარჯვება და თან დავსახოთ ბრძოლის გეგმა, ვინაიდან ამით არ ამოიწურება ეს საკითხები. უმნიშვნელოვანესი ბრძოლები ჯერ კიდევ წინ გვაქვს“, – აღნიშნა გოლეთიანმა.

მისივე თქმით, კვლავ არის უამრავი შეკითხვა, რასაც პასუხი უნდა გაეცეს. მათ შორისაა მიწის დაბრუნების საკითხი. ასევე, მოითხოვს დებატებს ეკონომიკის მინისტრთან.

„რა ბედი ეწევა იმ მიწას, რომელიც კომპანიაზე იყო გადაცემული, როგორ დაბრუნდება მიწები – ამაზე ჯერ არ გვაქვს პასუხი…

ახლა ჩვენ ველოდებით მკაფიო განმარტებებს ხელისუფლებისგან, როგორია ხელშეკრულების გაწყვეტაზე მათი პოზიცია, ასევე – მიწის საკითხთან დაკავშირებითაც და იმ დებატებზეც, რომელსაც მთელი ეს პერიოდია, ვითხოვთ. ვინაიდან ისინი, ფაქტობრივად, იტოვებენ ფორას, რომ გააგრძელონ მოსახლეობის, ჩვენი, დისკრედიტაცია, შორიდან ლანძღვა, რომ აგენტები ვართ და სხვის ინტერესებს ვატარებთ. საკმარისია, ეს ხალხი დებატებში დაგვიჯდეს, ყველაფერს ნათელი მოეფინება. ამიტომ მოვითხოვთ, რომ დებატები შედგეს ამ თემასთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრთან“, – განაცხადა გოლეთიანმა.

მისივე ცნობით, კომპანიამ ტექნიკის გარკვეული ნაწილი გაიტანა, ინფრასტრუქტურის ნაწილიც დაშლილია და ამოვსებულია გვირაბიც.

როგორც ის „პუბლიკასთან“ საუბრისას ამბობს, აპირებენ ბრძოლის გაგრძელებას სისტემური და კომპლექსური მიდგომების დახვეწის მიზნით, სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიების მიმართულებით. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, საჯარო რესურსების გამოყენების შემთხვევებზე, რაც მოქალაქეებს ეკუთვნის, სახელმწიფოს მიდგომა იყოს მეტად პასუხისმგებლობიანი, სისტემური, დასაბუთებული და მყარი.

როგორც ის ამბობს, ეს რესურსები ხალხს უნდა ხმარდებოდეს და არგუმენტი, რომ ესა თუ ის პროექტი ადამიანთა სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის და უნდა განხორციელდეს, საკმარისი არ უნდა იყოს.

შეფასება პროექტის ბედზე – როგორც ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა ამბობდა, თუ ENKA არ დარჩა ნამახვანჰესის პროექტში, მაშინ პროექტი შეიძლება თვითონ სახელმწიფომ განახორციელოს.

როგორც გოლეთიანი ამბობს, კლიმატისა და ენერგეტიკის ეროვნული გეგმის დოკუმენტშიც ჩასვეს ეს პროექტები – „ნამახვანჰესის“, „ნენსკრასა” და „ხუდონის”, რაც მიუთითებს ხელისუფლების პოზიციაზე, რომ „ეს ხალხი შინაარსში არსებით ცვლილებას არ გეგმავს“.  მიუხედავად ამისა, გოლეთიანი ამბობს, რომ პროექტის პრობლემურობაზე იმდენი არგუმენტია თავმოყრილი, ხელისუფლებას ამის მარტივად დაძლევა გაუჭირდება.

„ესენი ცდილობენ ახლა, რომ „ენკას“ გასვლის მიუხედავად, ზოგადად, პროექტი დატოვონ აქტიური და მაინც ეძებონ ინვესტორი, თუმცა „ენკას“ გასვლის შემდეგ არ ვიცი, ვინ შემოვა აქ. ან ეცდებიან, შეცვალონ ძირითადი საკითხი, რასაც მოსახლეობა აპროტესტებდა და იტყვიან, რომ ეს იქნება ამ პროცესში მათი როლის ზრდა – თუ ნახეს ინვესტორი. და თუ სახელმწიფო იტყვის, თავიდან ბოლომდე მე ვაშენებო, ეგ თითქმის გამორიცხულია, მით უმეტეს, ამ მოცემულობაში…

ჩვენ აღარ ვართ იმ პოზიციაში, როგორც ვიყავით პროტესტის დაწყების დროს. დღეს იმდენი სისტემური პრობლემა და დარღვევაა გამოვლენილი პროექტთან დაკავშირებით, რომ ამის დაძლევა, თუნდაც საინფორმაციო თვალსაზრისით, ვერ მოხდება – ამათ უბრალოდ კომპანია რომ მოძებნონ, 100 წელი ოცად გადააკეთონ და ეს იყოს მხოლოდ საკმარისი პროექტის დასაბუთებისთვის, ეს აღარ ეყოფა ამ საკითხს. ამიტომ ვამბობ, რომ „ნამახვანზე“ აღარ ვიწროვდება ეს საკითხები“, – განაცხადა გოლეთიანმა.