„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირში საქართველოს ელჩის ბრიუსელში დაბარება „მედიის აჟიტირების“ გამო განმარტებების გაკეთებას დაუკავშირა.
მისი თქმით, საკითხის ამდენდღიანი გაშუქების გამო, „ოცნებას“ განმარტებების მიცემა უწევს, მათ შორის, დასავლელ პარტნიორებთანაც.
„არაფერი ამაში სკანდალური არ არის. მე ამ შეხვედრის შესახებ კონკრეტულად არ ვიცი. თუმცა ასეთ პირობებში, როცა, სამწუხაროდ, მედიის მხრიდან ხდება უკვე მერამდენე დღეა ამ საკითხით აჟიტირება, რა თქმა უნდა, განმარტებებს ვაძლევთ, მათ შორის, ჩვენს დასავლელ პარტნიორებსაც, ეს საჭიროა და ამ კომუნიკაციაში ყველა ჩვენი არხებით ვართ, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ განმარტებები მივცეთ, ისევე, როგორც საზოგადოებას ვაძლევთ განმარტებას.
რამე დანაშაული ამ შინაარსებში არ იყო. ეს იყო ჩვეულებრივი პირადი ცხოვრების, მათ შორის, ინტიმურის. საჯარო ინტერესი ამის მიმართ არ არის. საჯარო ონტერესი შეიძლება იყოს, რამდენად ავთენტურია ეს და მეორე, თუკი ასეა, ვინ განახორციელა. ამისთვის მიმდინარეობს გამოძიება.
ასეთი პირადი ცხოვრების ჩანაწერების მოპოვება ხომ ცუდია, მაგრამ გავრცელებაც კია ცუდი. ამიტომ მედიამ არ უნდა გაავრცელოს პირადი სახის ჩანაწერები“, – განაცხადა პაპაუაშვილმა.
სავარაუდოდ, სუსიდან გამოჟონილი ფაილებისა და ფარული მოსმენების გამო, საქართველოს ელჩი ევროკავშირში, ვახტანგ მახარობლიშვილი, ბრიუსელში დაიბარეს. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, ჟურნალისტებთან ისაუბრა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილი ფაილებიდან იკვეთება, რომ სამსახური უსმენს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც.
მედიაში გავრცელებული მასალებიდან, ირკვევა, რომ ფაილებში არსებული ინფორმაციით, ქვეყანაში აყურადებენ და უსმენენ საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მღვდელმსახურებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებს, ასევე, როგორც საელჩოების თანამშრომლებს, ისე უშუალოდ ელჩებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით მასალა მოამზადა ონლაინგამოცემა „ნეტგაზეთმაც“, რომელშიც ნათქვამია, რომ არსებობს არაერთი ჩანაწერი ტექსტის სახით, რომლებიც პირდაპირ მიანიშნებენ ფარულ მიყურადებაზე უშუალოდ საელჩოს წარმომადგენელთა მიმართ.
პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუსის მიერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.