როცა ქვეყანაში მოქალაქეები იღუპებიან, სააკაშვილი დაკავებულია იმით, რომ ექიმები მოსწყვიტოს პაციენტებს | თალაკვაძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სააკაშვილის შიმშილობაზე ისაუბრა. ინტერვიუს დასაწყისში მან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი გაიხსენა და პროკურატურის მიერ ბოლოს გავრცელებული კადრები შეაფასა.

პროკურატურამ პატიმრის წამების საქმეზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი, ალექსანდრე მუხაძე (მეტსახელად „ქილერა“) ბრალდებულად პასუხისგებაში მისცა და კადრები გამოაქვეყნა, სადაც, უწყების თქმით, სასურველი ჩვენების მიცემაზე უარის მიღების შემდეგ, დაკავებულზე მუხაძე და ქარდავა ძალადობენ.

„რაც შეეხება დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების ცენტრალურ ფიგურებს უკავშირდება, ვინც სწორედ სადამსჯელო სისტემის შექმნაზე იყვნენ პასუხისმგებლები, რა თქმა უნდა, შემზარავია. ეს გახლავთ ყველაზე ამაზრზენი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ტელევიზიებით დაკავებულია რეალობის გადაკეთებით. წარმოუდგენელი ფსიქოლოგიური და საინფორმაციო შეტევა ხდება საზოგადოებაზე.

რეალობის გადაკეთებაში ვგულისხმობ იმას, რომ მწამებლები წარმოჩინდებიან ადამიანის უფლებების დამცველებად და ის, ვინც პენიტენციური სასაკლაოდ გადააქციეს, წარმოჩინდებიან პენიტენციურის მცოდნე ექსპერტებად და ჭკუას გვასწავლიან. „ნაციონალურ მოძრაობა“ რასაც აკეთებდა ხელისუფლებაში, ძალადობდა მოქალაქეებზე, ოპოზიციაში ყოფნის დროსაც განაგრძობს ძალადობას. დღეს რასაც ვხედავთ, სხვა არაფერია, თუ არა ძალადობა საკუთარ მოქალაქეებზე.“ – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, როდესაც შენს ქვეყანაში და მსოფლიოში არის გლობალური პანდემია, მოქალაქეები იღუპებიან ურთულესი გართულებებით, სააკაშვილი თავისი რადიკალური ოპოზიციური ბანაკით დაკავებულია იმით, რომ სახელმწიფო ადმინისტრაცია, ინსტიტუტები მოსწყვიტონ თავის ძირითად ამოცანებს, ექიმები მოსწყვიტონ პაციენტებს.

„როდესაც შენს ქვეყანაში და მსოფლიოში არის გლობალური პანდემია, მოქალაქეები იღუპებიან ურთულესი გართულებებით, ექიმები ფრონტის წინა ხაზზე იმყოფებიან, როდესაც ეკონომიკური კრიზისია და ეკონომიკის აღდგენა სასიცოცხლოდ აუცილებელია, ამ დროს სააკაშვილი თავისი რადიკალური ოპოზიციური ბანაკით მაქსიმალურად არის დაკავებული იმით, რომ სახელმწიფო ადმინისტრაცია, ინსტიტუტები მოსწყვიტონ თავის ძირითად ამოცანებს, ექიმები მოსწყვიტონ პაციენტებს და ეს ყველაფერი გადართოს „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციულ დღის წესრიგზე.

რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ მუქარებიც, რომ გადაკეტავდნენ ქუჩებს მაშინ, როდესაც სასწრაფო დახმარების მანქანები მოძრაობენ და მოქალაქეებთან უნდა მივიდნენ, მაშინ, როდესაც აცრისთვის განკუთვნილი ავტობუსები ასაცრელ პუნქტებში უნდა მივიდნენ – ეს გახლავთ მათი დღის წესრიგი, ეს არის ერთი პოლიტიკური მიზანი, რომ როგორმე საქართველოს ხელისუფლება ჩამოაცილონ იმ ძირითად ამოცანებსა და საქმეს, რასაც საზოგადოება ჩვენგან მოითხოვს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.